ამერიკელი ექსპერტები აგვისტოს ომის შესახებ

Posted August 7th, 2011 at 10:26 am (UTC+0)
1 comment

არ მეგულება ემიგრანტი, რომელსაც 8 აგვისტოს ხსენებაზე გული სიმწრით არ შეეკუმშება. უსუსურობით, შიშით და ბრაზით, როგორც იტყვიან, ერთი ცხოვრება დავამთავრეთ მაშინ. მანძილი ფიზიკურად გვაცილებს, მაგრამ ემოციურად თითქოს უფრო გვაახლოებს სამშობლოს. და დრო კი –  რაც უფრო დიდი ხნის წამოსულები ვართ, მით უფრო გამწვავებული გვაქვს  სიყვარულის და მონატრების გაუთავებელი  ტკივილი.

Cory Welt, Samuel Charap: Main Checkpoint

2008 წლის 8 აგვისტომ საქართველოს ისტორია და გეოგრაფია დროებით შეცვალა. სად დგას დღეს საქართველო  და რა შეიცვალა სამი წლის მანძილზე? კონფლიქტების დარეგულირების როგორი პერსპექტივა აქვს ქვეყანას, რომლის ტერიტორიაზე 10 ათასზე მეტი უცხო ქვეყნის ჯარისკაცი დგას და მათი აუარება სამხედო აღჭურვილობაა კონცენტრირებული?  ამ  თემებზე სასაუბროდ ჩვენ ამერიკელი ექსპერტები მოვიწვიეთ.

პროფესორი ქორი უელთი პროფესორ სამუელ შარაფთან ერთად საქართველოს თემაზე გაკეთებული სპეციალური ანგარიშის ავტორია, სახელწოდებით – „საქართველოს კონფლიქტებში პროგრესის მოკლე ვადაში მიღწევის გეგმა“. ანგარიში ვაშინგტონში მდებარე ამერიკის პროგრესის ცენტრის ბაზაზე მომზადდა და მისმა ავტორებმა საკმაოდ ხანგრძლივი კვლევითი სამუშაო ჩაატარეს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

პროფესორ უელთს მიაჩნია, რომ სიტუაცია 3 წლის წინანდელთან შედარებით საქართველოში ბევრად უფრო ნორმალიზებულია. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ძლიერ მეტოქესთან მოუწია საქართველოს ბრძოლა, სუვერენიტეტის შენარჩუნება და ქვეყნის შიდა პოლიტიკის განმტკიცება დღევანდელი მთავრობის დამსახურებებს შორის უნდა მოვიხსენიოთ, აღნიშნავს ის.

ამერიკის პროგრესის ცენტრის ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში არსებობს სამი ურთიერთდაკავშირებული კონფლიქტი: ქართულ-რუსული, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური. საქართველოს მთავრობამ სტრატეგია უნდა შეცვალოს, რათა კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები უფრო რეალური გახდეს. ქვეთავში სტრატეგიული ცვლილებებისთვის საჭირო ათი რეკომენდაციაა წარმოდგენილი. მათ შორის პირველი ამბობს: საქართველოს მთავრობის ძირითადი ყურადღება კონცენტრირებულია ქართულ-რუსულ კონფლიქტზე, რაც  დანარჩენი ორის მოგვარებას კიდევ უფრო ართულებს. პროფესორი უელთი განმარტავს:

ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ყველაფერი სწორედ ამ კონფლიქტის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. მაგრამ მიგვაჩნია, რომ მეტი ყურადღება უნდა გამახვილდეს პირდაპირი კავშირების ძიებაზე.  და ამის გაკეთებას საქართველოს მთავრობა უკვე იწყებს. ყველამ კარგად იცის, რომ ქართველებს ისტორიულად საკუთარი ურთიერთობა ჰქონდათ აფხაზებთან და ოსებთან და იქ რუსეთი არაფერ შუაში იყო. იძულებით გადაადგილებულთა მშვიდობიანი დაბრუნება აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენის გამონახვის და მათი მონაწილეობის გარეშე ხომ არ მოხდება“.

პოლიტიკური ექსპერტი -სემ პატენი- კონკრეტულ გზებზე და ხიდებზე საუბრობს. რატომ არ შეიძლება დავიწყოთ თუნდაც სავაჭრო ურთიერთობებით და არ დავეყრდნოთ მხოლოდ ჟენევის პროცესს – ამბობს ის. მივცეთ საშუალება აფხაზ, ან ოს ბიზნესმენებს აწარმოონ საქმიანობა თბილისში თუ სიღნაღში და პირიქით? საქართველო ეკონომიკურად უნდა გაძლიერდეს, განვითარდეს და აჩვენოს აფხაზ და ოს ერებს, რომ აქ ისინი უფრო დაცულნი, უფრო წარმატებულნი, უფრო თავისუფალნი და შესაბამისად -ბედნიერები- იქნებიან. საქართველოს ამის პოტენციალი ნამდვილად გააჩნია.

სემ პატენი ამჟამად თბილისში იმყოფება და ამბობს, რომ სამი წლის შემდეგ იქ დაბრუნებულმა სრულიად განსხვავებული სურათი იხილა. „პრაქტიკულად ორი საქართველო დამხვდა. ერთი: მშვიდობის გამზირის და ბათუმის ბულვარის საქართველო, რომელიც ვარდების რევოლუციის მონაპოვარია და გეჩვენება, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. და მეორე -დანარჩენი საქართველო-  ეკონომიკურად დაუძლურებული ქვეყანა, რომელშიც  დემოკრატიული ფასეულობები ერთმანეთის მიყოლებით ქრება. მათ შორის ყველაზე თვალშისაცემი იძულებით გადაადგილებულთა უფლებების დაცვა და პრესის თავისუფლებაა“, აღნიშნა მან.

3 წლის წინანდელ სიტუაციას თუ შევადარებთ,  საქართველოში ომი აღარ არის და ეს შეიძლება მიღწევად ჩაითვალოს, აღნიშნავს ბატონი პატენი,  მაგრამ რეალობა შეიცვალა და ქვეყანა ახლა სულ სხვაგვარი გამოწვევების წინაშე დგას. წელში გამართული, თავისუფალი საქართველოს აშენებისთვის, თავისი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკით და ასევე თავისუფალი, სოციალურად დაცული ადამიანებით ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ. თქვენი ქვეყანა ხომ რეგიონში ყოველთვის სანიმუშო იყო და დანარჩენი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის მუდამ ასეთად უნდა დარჩეს – დასძინა მან ინტერვიუს დასასრულს.

One response to “ამერიკელი ექსპერტები აგვისტოს ომის შესახებ”

  1. Excellent article. How long have you been blogging for? I’ve been surfing online more than three hours today, yet I never found any interesting article like yours. My website it’s czyszczenie kanalizacji

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.