ჩურჩხელა “ემიგრანტული”

Posted January 11th, 2012 at 5:55 pm (UTC+0)
Leave a comment

„გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო“,  ჩემზეა ნათქვამი. ჩურჩხელის ამოსავლებად ამერიკაში კი არა, თბილისშიც არასოდეს მეცალა. ჰოდა ასეთ გამოსავალს მივაგენი: გამოვიგონე ძალიან მარტივად გასაკეთებელი ჩურჩხელა, რომელიც ჩემი ფეისბუქის მეგობრებს ძალიან მოეწონათ და რომელმაც შესაძლოა არამარტო ემიგრანტები, არამედ საქართველოში მცხოვრები გურმანებიც კი დააინტერესოს.

როგორც აღმოჩნდა, ამის მსგავს მეთოდს ამერიკაში მცხოვრები ერთ-ერთი მხცოვანი ემიგრანტი, ჩვენი 90 წლის მეგობარი, ვალერიან ძამიაც მიმართავდა. აქედან წამოვიდა სახელი: „ემიგრანტული“.

მოკლედ, ერთხელ ისე მოხდა, რომ თბილისიდან ჩურჩხელამ საახალწლოდ ვერ ჩამომისწრო. გული დამწყდა, ახალი წლის ტრადიცია ბევრი თქვენთაგანივით მეც ძალიან მიყვარს და მაქსიმალურად ვცდილობ მენიუ ოკეანის გადაღმაც შევინარჩუნო. ჩურჩხელა კი ლამის ჩემს შვილებზე მეტად მიყვარს. ამიტომ გადავწყვიტე ძველით ახალი წლისთვის მაინც რაიმე მეღონა და ასე შეიქმნა ჩურჩხელა „ემიგრანტული“.

ფოტო თუ მოგწონთ, ქვემოთ დედას მეგრული ფელამუშის რეცეპტს და ჩურჩხელის გაკეთების ჩემეულ „მეთოდსაც“ შემოგთავაზებთ. სურათზე დააწკაპუნეთ, რომ მასშტაბი გაიზარდოს და უკეთ მიხვდეთ, თუ რაზე ვსაუბრობ.

დაგვჭირდება:

  • 1  ჩ.ჭ. პურის ფქვილი
  • 3  ჩ.ჭ. მჭადის ფქვილი, წვრილ საცერში გაცრილი
  • 3 ლიტრი ყურძნის წვენი
  • ნიგოზი, ან თხილი – გემოვნებით, დაახლოებით 2 ჩ.ჭ.
  • დრო – მაქსიმუმ 1 საათი

 

რჩევა ამერიკელ ქართველებს:  რადგან აქ ნატურალური ყურძნის წვენი არ იყიდება,  არომატისთვის ჩვეულებრივ ყურძნის წვენს მე ორ ცალ ლიმნის წვენს და სიტკბოსთვის 1 ჩაის ჭიქა შაქარს ვუმატებ.

დამზადების წესი:

პურის ფქვილს და შაქარს ერთმანეთში ავურევთ. შემდეგ ნელ-ნელა დავამატებთ ყურძნის წვენს და როცა დავრწმუნდებით, რომ მასა ერთგვაროვანია, საშუალო ცეცხლზე შემოვდგამთ. კარგია, თუ ისეთ ჭურჭელს გამოვიყენებთ, რომელიც არ იწვავს. გამუდმებით უნდა ვურიოთ, ერთი წამითაც კი უნდა მოვადუნოთ ყურადღება. ადუღების შემდეგ დაახლოებით ხუთი წუთი დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ და შემდეგ რამდენიმე მოზრდილ ლანგარზე დავასხათ.

3-4 დღის შემდეგ, როცა ზედაპირი კარგად გაშრება, დავჭრათ სასურველ ზომაზე და თითო-თითოდ გადმოვატრიალოთ. სველ ზედაპირზე ნიგოზი ან თხილი დავალაგოთ.  კიდევ 3-4 დღე დავაცალოთ. ოთახის ტემპერატურის და ჰაერის ტენიანობის მიხედვით გაშრობას სხვადასხვა დრო დასჭირდება. იმას, რასაც ფოტოზე ხედავთ, ჩემთან 8 დღე დასჭირდა. სამზარეულოს კარადის თავებზე ვაშრობდი, სადაც მეტი სითბოა.

სულ ეს არის. იმედი მაქვს გაგიადვილდებათ და მოგეწონებათ. მეჩვენება, თუ ასე უფრო პრეზენტაბელურია? მრგვალად დაჭრაც შეიძლება, რომბებად და ასე შემდეგ.

P. S.

აქვე ქართული ჩიჩილაკის დეკორირების იდეასაც გთავაზობთ. და კიდევ – ჩემს პატარა სატელევიზიო სიუჟეტს ამერიკაში ახალი წლის შეხვედრის ტრადიციის შესახებ.

ბედნიერ ძველით ახალ წელს გისურვებთ. სიხარული, სიკეთე, სიყვარული, ოცნებების ასრულება და მომავლის იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა!

 

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.