რატომ აღარაფერი გვიკვირს?

Posted August 26th, 2012 at 7:51 pm (UTC+0)
Leave a comment

მთვარეზე დასხდომა„ადამიანისთვის ეს ერთი პატარა ნაბიჯი კაცობრიობისთვის გიგანტური  ნახტომია“ – უთქვამს ნეილ არმსტრონგს მთვარეზე პირველი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ.

გუშინ გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც მთვარეს პირველი შესწვდა. წარმომიდგენია, რა ხდებოდა მაშინ ამერიკაში და ალბათ მთელ მსოფლიოშიც. განსაკუთრებით კი – სამეცნიერო წრეებში.

დარწმუნებული ვარ, საბჭოთა იდეოლოგიით სრულად გაჟღენთილ რეალობაში ეს ამბავი ნაკლებად გაშუქდებოდა. ის კი მახსოვს, 90-იანების რუსულ პრესაში მთვარეზე გაფრენა ჰოლივუდის დადგმულ იმიტაციად რომ გასაღდა. სამაგიეროდ ჩემს თაობას კარგად ემახსოვრება კადრი, რომელსაც ტელევიზიით ხშირად აჩვენებდნენ ხოლმე: გაგარინი ხელს იქნევს და ამბობს, „დავიძარით“. არც ეს იყო უმნიშვნელო მოვლენა, – თუ უფრო მეტად ღირებული არა.

დღეს ეს ყველაფერი აღარაფრად გვეჩვენება. სმითსონის აერონავტიკის მუზეუმში ხომ, რომელშიც შესვლა ნებისმიერ გამვლელს უფასოდ შეუძლია, შეგიძლია მთვარიდან ჩამოტანილ ქანს ხელი მოკიდო და ამაყად თქვა: მე  მთვარეს შევეხე.

მეგონა, რომ მარსზე როვერის დაჯდომაზე მედიაში ერთი ამბავი ატყდებოდა. – არც ისე. არადა, ნასა ახლა უკვე მარსზე ასტრონავტების მთელი ეკიპაჟის გაგზავნას გეგმავს. მეცნიერების და ინჟინრების თითქმის 800-კაციანი არმია მარსის დროით დადის თურმე სამსახურში და დღის რეჟიმიც შესაბამისად აქვთ განაწილებული. ამასწინათ წავიკითხე, ერთ-ერთი კალიფორნიელი  ინჟინრის მთელი ოჯახი მარსის დროზე გადაერთოო: საუზმობენ დღის 3 საათზე, დილის 3 საათზე ოჯახური ვახშამი აქვთ და დილის 5 საათზე პატარების ძილის დროა. ადვილი არ გეგონოთ, დღე მარსზე ცოტათი უფრო გრძელია და უმეტესობას მუდმივად ე.წ. „ჯეთლეგი“ აქვს. სამწუხაროდ ქართული შესატყვისი არ ვიცი, ეს არის ფსიქო-ფიზიკური დესინქრონიზაცია, ჩვეული ცხოვრებისეული რიტმის დარღვევით გამოწვეული მდგომარეობა, რომელიც როგორც წესი ხანგრძლივ ფრენას ახლავს თან და რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება.მარსი

სასწაულია! მიუწვდომელს წვდება  ადამიანი და მიუწვდომელი მგონი აღარაფერი რჩება. მე კი ახლა სულ სხვა რამეზე ვფიქრობ და მაწუხებს: როგორც ჩვენში ამბობენ, მეჩვენება, რომ კანი გაგვიუხეშდა. რეაქცია დიდად აღარაფერზე გვაქვს. რატომ?

ჩვენს თაობას ჯიბით ინტერნეტი დააქვს და ამ ციცქნა მობილური ტელეფონით უამრავ ფუნქციას ასრულებს. ჩემი თანამშრომელი ივლისში იტალიაში მოგზაურობდა და მობილურით ვაშინგტონში თავის ჩვილ ბავშვს ვიდეოკამერით ნებისმიერ მომენტში პირდაპირ ეთერში უყურებდა. მაღაზიაში უკვე კომპიუტერიზებულ მაცივრებს გთავაზობენ, რომელიც ტექსტურ შეტყობინებას გიგზავნის. მაგალითად, ასეთს: რძეს ვადა გაუვიდა და ახალი ხომ არ შევუკვეთო? კომპანია „ელ-ჯი“ რამდენიმე წელიწადში ისეთ ფართოეკრანიან ელასტიურ ტელევიზორებს გვპირდება, რომელსაც დაკეცავ და უბის წიგნაკის ზომის უჯრაში ჩადებ.

ნუთუ ყველაფერი ამის ბრალია?

თუ თავს ვიტყუებთ? იქნებ უფრო ჩვენი შეზღუდული ინტერესების, დროის ისტერიული ნაკლებობის, ან კიდევ უფრო უარესი: პოლიტიკოსთა უინტერესობის ბრალი იყოს? ცივი ომის პირობებში მთვარეზე დაჯდომას რატომღაც მგონია, რომ მეტად პოლიტიზირების გამო უფრო დიდი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა, ვიდრე დღეს მარსზე რობოტის გაგზავნას. ასევე იქნებოდა ატომის აღმოჩენაც. არც „ღვთიურ ნაწილაკად“ წოდებული  ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა აღქმულა დიდ სენსაციად, თუმცა წელს მან ფიზიკაში პრაქტიკულად გადატრიალება მოახდინა. რა ხდება, რა გვემართება?

ბევრისგან განსხვავებით, მგონია, რომ ადამიანები იცვლებიან. იცვლება დრო, გარემო, მოთხოვნა და რეაქციაც. თან ისე სწრაფად, რომ ყველაფერი აჩქარებული ფილმივით სადღაც გვერდით გარბის, თითქოს არც კი მონაწილეობ.  საქართველოშიც გაქვთ ასეთი შეგრძნება, თუ ეს მხოლოდ ამერიკაში გადმოსულებს დაგვემართა?

„გთხოვთ ერთხელ მაინც, როცა მთვარეს ახედავთ, გაიხსენოთ ნეილ არმსტრონგი, ადამიანი, რომელიც 17 უცხო ქვეყნის საპატიო ჯილდოს და ამერიკაში პრეზიდენტის თაისუფლების ორდენის,  კონგრესის და ნასას საპატიო ჯილდოების და მრავალი ტიტულის მფლობელია“ – ნათქვამია მისი ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სალვადორ დალიიქნებ მართლა შევჩერდეთ ერთი წამით, ამოვისუნთქოთ, მთვარესაც შევხედოთ, ირგვლივაც მიმოვიხედოთ, წარსულის ნოსტალგიას და მომავალზე ოცნებას რამდენიმე წუთით მაინც გავეშვათ და აწმყოში ვიცხოვროთ. ვიცი, რომ ძნელია. ხანდახან ისიც კი მეჩვენება, რომ აწმყო არ არსებობს. ან თუკი არსებობს, ყველაზე ხანმოკლეა, წამიერი, ან კიდევ უფრო მცირე. ყველაფერი ხომ ან აქამდე მოხდა, ან მომავალში იქნება. “ხვალ” თვალის დახამხამებაში ხდება “გუშინ” და “მომავალ კვირაში” – “გასულ კვირას”.

მოკლედ, იქნებ შევჩერდეთ ერთი წამით, დავფიქრდეთ და რეალობა მთელი თავისი სისავსით შევიგრძნოთ. არ უნდა იყოს  ცუდი…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.