ტყემლის საწებელი „ემიგრანტული“ 1 საათში

Posted October 14th, 2012 at 5:13 pm (UTC+0)
Leave a comment

საქართველოში ეს რეცეპტი მხოლოდ ტექნოლოგიის გამო თუ დაგაინტერესებთ, ხეხვა და წვალება არ სჭირდება. თორემ ისე, უფრო ემიგრანტებისთვისაა. საქმე იმაშია, რომ ამერიკაში ტყემალი არ იყიდება. ამბობენ, რომ ჩვენებური ტყემალი გარეული ქლიავია. არ ვიცი, რამდენად სწორია, მაგრამ მე კი გამომადგა ეს განმარტება და დიდი ხანია ტყემლის საწებელს ქლიავით ვამზადებ. ქლიავი აქ მთელი წლის განმავლობაში უხვდაა და ამიტომ სახლში ხშირად მაქვს ახალი, არომატული საწებელი, ყოველგვარი კონსერვანტების, კონცენტრატების და სხვა ქიმიური მინარევების გარეშე. არ ვხუმრობ, ქლიავი მართლა გამოსავალია. და თუ არ გჯერათ, ერთხელ მაინც სცადეთ ჩემი რეცეპტით. უადვილესია! ჰო, და კიდევ: დროის უკმარისობის ფაქტორიც ხომ გასათვალისწინებელია. ამიტომ, ჩემო ემიგრანტო დიასახლისებო, ისეთ გზას მივაგენი, რომ მაქსიმუმ 1 საათში შინაურული, იმერული სტილის მოტკბო-მომჟაო ტყემლის საწებელი გექნებათ.

დაგვჭირდება:

 

  • 5 ფაუნდი (2.2 კგ.) შავი ქლიავი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • ერთი კონა ნედლი ქინძი
  • 2 ნედლი მწვანე წიწაკა
  • მარილი
  • 1-2 ლიმონი
  • და დრო 40-60 წუთი

 

 

გავრეცხოთ ქლიავი და კურკა გავაცალოთ. წვრილი, შავი ქლიავი იმიტომ მირჩევნია, რომ ჯერ ერთი კურკა იოლად ეცლება და მეორეც, უფრო არომატული მეჩვენება. დავამატოთ 2 ჩ.ჭ. მდუღარე წყალი და მაღალ ცეცხლზე შემოვდგათ. მაღალ ცეცხლზევე, ისეთ ჭურჭელში, რომელიც არ იწვავს, თავდახურული მაქსიმუმ 10 წუთი უნდა იდუღოს. ერთი-ორჯერ მოვურიოთ. ცოტა რომ გაგრილდება, ბლენდერში ჩავასხათ. დავამატოთ ნიორი, წიწაკა და ქინძი, რა თქმა უნდა გარჩეული და კარგად გარეცხილი. შემდეგ, დავფქვათ. 2-3 წამი სრულებით საკმარისია, მთლად ფაფად არ უნდა იქცეს. ნიორის, ქინძის და წიწაკის დაჭრით თავს ნუ შეიწუხებთ. მარილი და ახლად დაწურული ლიმონი – გემოვნებით. მე ორი ლიმნის წვენს ვუმატებ, მჟავე მირჩევნია. სულ ეს იყო. ტყემლის საწებელი მზად არის.

საათიც არა, უკვე 40 წუთში ვაკეთებ. უჰ, ფერიც მშვენიერი აქვს, რას იტყვით?

მგონი, ომბალო ან რაიმე ხმელი სანელებელი არც არის საჭირო. როგორც გენებოთ, გემოვნების საკითხია. მთვარია, პრეზენტაბელურთან ერთად ჯანმრთელი, სასარგებლო და არომატული საწებელი გამოდის: ქლიავი სულ 7-10 წუთი იხარშება და დანარჩენი ყველაფერი ნედლია.

დამწყებ კულინარებს ვურჩევ, წიწაკას თესლი მოაცილონ, ქინძს არაფერი არამწვანე არ გაჰყვეს. რაც უფრო ნაზია, ფოთლების მხარე, ახლად აკოკრილი – მით უკეთესი. ქლიავი სუპერმარკეტებში ხშირად მკვახეა და 2-3 დღე ლანგარზე სითბოში მიდევს ხოლმე დასამწიფებლად, თორემ არც სიტკბო აქვს, არც სიმჟავე და მითუმეტეს, არც არომატი. ჰო, და კიდევ: შუშის ქილებში ან ბოთლებში ჩაასხით და მაცივარში შეინახეთ.

თუ წვრილ, მოგრძო შავ ქლიავს ვერ იშოვით, მსხვილითაც მშვენიერი გამოდის. ერთადერთი, წყალი და ხარშვა ცოტა მეტი ხანი დასჭირდება. ზამთარში დაახლოებით მესამედს ან მაქსიმუმ ნახევარს ნედლ შტოშსაც (cranberry) ვამატებ ხოლმე, არაჩვეულებრივი არომატი და სიმჟავე აქვს. თან ძალიან სასარგებლოა. თუმცა, ტყემლისთვის დამახასიათებელ ფაქტურას უკარგავს. ესეც უნდა გითხრათ: ნედლი შტოში მხოლოდ შობის წინა თვეებში გამოაქვთ ხოლმე გასაყიდად. მოკლედ, სცადეთ და შემატყობინეთ, როგორი გამოგივათ. აქვე, კომენტარებში მომწერეთ.

აბა, დროებით! Bon Appétit!

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.