ქვიშაში დამარხული კვარტალი და მაინც, რატომ გაუმართლა კეიპ მეის?

Posted October 31st, 2012 at 9:36 pm (UTC+0)
Leave a comment

ფრანკენშტორმი… ტროპიკული გრიგალი სენდი… სუპერშტორმი… რა არ დაარქვეს ციკლონს, რომელსაც ბოლოს ტროპიკული კლასიფიკაციაც კი მოუხსნეს და მეტეოროლოგებმა უბრალოდ გიგანტური შტორმი უწოდეს. ამერიკელებს სტიქიურ, თუ პოლიტიკურ კატაკლიზმებზე სახელების შერქმევა უყვართ. ეს მათ კლასიფიკაციას აადვილებს.

და რაც არ უნდა უწოდონ სენდის, ფაქტია, რომ მას შეერთებული შტატების სულ ცოტა 200 წლის ისტორიაში ანალოგი არ აქვს. მარტო ამერიკის ტერიტორიაზე 10 შტატში მასიური წყალდიდობები, ნგრევა, ხანძრები, მილიონობით ოჯახის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა, ასეულ ათასობით ევაკუირებული ადამიანი, კომენდანტის საათები ქალაქებში და სოფლებში, ათეულობით მილიარდი დოლარის ზარალი…

რეკორდული რადიუსის და მასშტაბის კატასტროფის უამრავ ფოტო და ვიდეო მასალაში, რომელიც ფანტასტიკის ჟანრის ფილმებს გავს და ერთი შეხედვით, სრულიად დაუჯერებელია, ეს ფოტო ავარჩიე, რომელიც ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ კეიპ მეიშია გადაღებული. არ ვიცი რატომ, მაგრამ ემოციურად ამ ხედმა ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე ატლანტიკ სითის ქუჩებში მოცურავე ზვიგენებმა (სხვათა შორის, ნამდვილი ამბავია) და დატბორილ მანჰეტენში თუ ოუშენ სითიში ეთმანეთზე მიჯრით მიყრილმა მანქანებმა და გემებმა.

Joe Johnson Photo

კეიპ მეის ფოტოც ნამდვილია, მასზე ვიდეო-სიუჟეტები ტელევიზიითაც გადაიცა, სწორედ ამ ადგილიდან. ფოტოზე ქვიშაში დაფლული გზაჯვარედინის ნიშანი ორი პატარა ქუჩის, ვილმინგტონ ავენიუს და ბიჩ ავენიუს (გზატკეცილი 604) კუთხეს აჩვენებს.  საგზაო ნიშანი, რომელიც დაახლოებით 2.5-დან 3 მეტრამდე უნდა იყოს, თითქმის მთლიანად სილაშია დაფლული. ის სოციალური ქსელებით გავრცელდა და მისი გამოქვეყნების ნებართვაც ფეისბუქის გვერდიდან „ნიუ ჯერსის სასტიკი ამინდი“  მოვიპოვეთ. ფოტო ბაბუამ, ჯო ჯონსონმა თავის შვილიშვილებს სამახსოვროდ გადაუღო. ფეისბუქზე ორიგინალის ქვემოთ, კომენტარების გრაფაში  ამ ადგილიდან გადაცემული სატელევიზიო სიუჟეტიც დევს. იხილეთ: Severe NJ Weather

გზაჯვარედინზე ფოტოს გადაღებამდე ორი დღით ადრე,  დაახლოებით 2 მეტრის სიღრმეზე,  საცხოვრებელი სახლები და მცირე ბიზნესები მდებარეობდა. როგორც ამბობენ, სეზონზე სანაპირო ქუჩაზე და მის პარალელურ გზებზე მანქანის დასაყენებელი ადგილის მოძებნა თითქმის წარმოუდგენელი იყო. კერძო სახლების ეზოები დღის განმავლობაში ბავშვების ჟრიამულით ივსებოდა. დღეს ეს ადგილი უკაცრიელ სანაპიროს, უფრო კი პომპეის მოგაგონებთ. სტიქიამ ჯერ წყლით დაფარა  აქაურობა, დაანგრია და შემდეგ თითქმის 2 მეტრის სიმაღლის ქვიშით აავსო მთელი ქუჩის ორივე მხარეს განლაგებული შენობები. ერთ დღეში წყლით და შემდეგ სილით დაიფარა კვარტლის სიცოცხლე…

საგანგებოდ მოვიძიე „გუგლზე“ სატელიტიდან გადაღებული ფოტო. ასე გამოიყურებოდა ბიჩ ავენიუს (გზატკეცილი 604) და ვილმინგტონ ავენიუს კუთხე სამიოდე  დღის წინ. ეს ის ადგილია, სადაც ახლა ბავშვები დგანან. ფოტოებზე თუ დააწკაპუნებთ, დეტალები უფრო დიდი მასშტაბით გამოჩნდება:

Google Image

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ასობით სახლია ნიუ ჯერსის სანაპიროებზე ქვიშაში დამარხული. და ამ ფონზე კეიპ მეის მერი ამბობს, რომ მათ სხვა ქალაქებთან შედარებით ძალიან გაუმართლათ, რადგან იქ მსხვერპლი არ არის. მე კი საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ეს არამარტო გამართლება იყო, არამედ სწორი და დროული მენეჯმენტის ლოგიკური შედეგიც. რაც არ უნდა ძნელი იყოს ამის თქმა დაღუპულთა ოჯახების გასაგონად, გრიგალის მასშტაბებთან შედარებით მსხვერპლი მაინც მოსალოდნელზე ნაკლებია და ამ წუთებისთვის ტელეკომპანია “ფოქსის” ცნობით, სულ ცოტა, 70-ს შეადგენს.

სენდის დასახვედრად მზადება ორი დღით ადრე დაიწყო. გუბერნატორებმა და მერებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და გამუდმებით შემზარავ განცხადებებს აკეთებდნენ. მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიულობით ნიუ ჯერსის გუბერნატორი, კრის კრისტი და ნიუ იორკის მერი, მაიკლ ბლუმბერგი გამოირჩეოდნენ. თურმე არ აჭარბებდნენ. არადა, ჩემს ირგვლივ ყველა ვფიქრობდით, რომ შეფასებები გაზვიადებული იყო. აქვე მცირე პოლიტიკური გადახვევაც უნდა გავაკეთო.

Reuters Photo

გუბერნატორი კრისტი რესპუბლიკელია და ღიად უჭერს მხარს რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატს, მიტ რომნის. არჩევნებამდე სულ ხუთიოდე დღით ადრე დემოკრატების კანდიდატი, პრეზიდენტი ობამა და რესპუბლიკელი კრის კრისტი ერთმანეთისთვის კომპლიმენტებს არ იშურებენ და გვერდში დგომისთვის და გაწეული მუშაობისთვის მადლობას უხდიან. შეკითხვაზე, თუ რამდენად გახდება შესაძლებელი არჩევნების ჩატარება ნიუ ჯერსიში, გუბერნატორი კრისტი პასუხობს, რომ ეს მას დღეს ყველაზე ნაკლებად ანაღვლებს. „არ მცალია, ხალხი მყავს გადასარჩენი. ცოცხლები თუ არ იქნენ, არჩევნებზე ვერ წავლენ“. შესაშური, მართლაც შესაშური მართვის პრინციპი, პარტნიორობა, თანადგომა, სწორი პრიორიტეტები, რაც გენებოთ, ის დაარქვით!

ადრე, მართლა ძალიან ადრეა ჯერ ციკლონის ანალიზი. მასზე იმდენი იწერება, რომ ბლოგში არც ამ გიგანტური შტორმის სრულად აღწერის პრეტენზია გვაქვს. უბრალოდ ჩემი ფიქრები და ემოცია გაგიზიარეთ. მინი-საგანგებო კურიოზულ სიტუაციაში ხომ ჩვენც აღმოვჩნდით, ვაშინგტონში, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტები. სენდის მოლოდინში ღამე სასტუმროში გავათენეთ, რათა გადაცემა უტრანსპორტობის და უამინდობის გამო არ ჩაშლილიყო და სამსახურიდან რაც შეიძლება ახლოს, ფეხით სავალ მანძილზე ვყოფილიყავით.

დილიდან ქართველები მოვიკითხეთ პირველ რიგში, ვისაც მივწვდით. განსაკუთრებით ბრუკლინში მცხოვრები თანამემამულეების ბედი გვაწუხებდა. ზოგთან დღესაც ვერ ვამყარებთ კავშირს, მობილური ტელეფონი დენის უქონლობის გამო ბევრს დამჯდარი აქვს. სერვისიც ხშირ შემთხვევაში არ მუშაობს. ასე რომ ნუ გეშინიათ, თუ ვინმეს ვერ უკავშირდებით, დიდი ალბათობით, შესაძლოა ეს მხოლოდ კომუნიკაციის შეფერხებების ბრალი იყოს. მე თვითონაც ვერ ვურეკავდი ჩემს შვილს ნიუ ჯერსიში, რომლის უნივერსიტეტიც ევაკუაციის ზონაში მოხვდა. შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩეველს, ნათია ზამბახიძეს ვესაუბრეთ. მისი თქმით, ამ ეტაპზე მათ არც ვაშინგტონში და არც ნიუ იორკში ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია. საელჩომ სტიქიური უბედურებისთვის მზადების პერიოდშივე გაავრცელა მოწოდება საქართველოს მოქალაქეების მიმართ და მოუწოდა მათ ადგილობრივი მმართველობის განკარგულებებს დამორჩილებოდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა მწუხარება და თანაგრძნობა გამოხატა დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახების მიმართ  “ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ქარიშხალ „სენდის” შედეგად მიმდინარე სტიქიური უბედურებით გამოწვეული ადამიანური დანაკარგისა და მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის გამო”.

როგორც “იუ-თუბზე” გავრცელებული ამ კადრებიდან ჩანს, ნიუ იორკში ევაკუირებულთა შორის ქართველებიც იყვნენ:

ქართველების ევაკუაცია

ტელეკომპანია „სი-ენ-ენის“ გადაცემას ვუყურებ ახლა. ჟურნალისტები უმკაცრესი ტონით სთხოვენ პასუხს ნიუ იორკის უნივერსიტეტის საავადმყოფოს მესვეურებს და არკვევენ, თუ რატომ გამოირთო წყალდიდობის დროს სათადარიგო გენერატორები. ალბათ სწორია ეს პოზიცია. არადა, კადრების შემხედვარე, გამკვირვებია: როგორ მოახერხა საავადმყოფოს პერსონალმა რეანიმატოლოგიური განყოფილების  ევაკუაცია აუცილებელი აპარატურის გარეშე ამ სიცივეში, სიბნელეში და წყლით სავსე ქუჩებში ისე, რომ ერთი ადამიანიც არ დაღუპულა. ავადმყოფებს შორის ხომ დღენაკლული ჩვილი ბავშვებიც იყვნენ… “ეი-ბი-სიზე” გადავრთე: ქალაქ ჰობოკენში, ფანჯრებიდან ვისაც სინათლე აქვს,  ქუჩაში დენის დამაგრძელებლები აქვთ გადმოკიდებული წარწერით: “ვისაც გჭირდებათ, მობილურები დატენეთ”. ეს რამდენიმე დღეა ერთმანეთის კონკურენტმა მობილური ტელეფონების კომპანიებმა “ეი-თი-ენდ-თიმ” და “თი-მობილმა” სერვისები გააერთიანეს, რომ დაზარალებულ რეგიონებში დაჭერის შანსი გაიზარდოს.

დღემდე მაოცებს, გულწრფელად მაოცებს ეს ქვეყანა და მისი ხალხი. თანამდებობის პირებიდან დაწყებული, ჟურნალისტებით და რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული. რა თქმა უნდა უმეტესობაზე მაქვს საუბარი, და არა – განურჩევლად ყველაზე. მადლიერი ვარ მათი და ვთვლი, რომ ჩვენგან, ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეებისგან უღრმეს პატივისცემას და სიყვარულს იმსახურებენ.

“ნასა”: სენდის ფორმირება 28 ოქტომბერს დილიდან დაღამებამდე

“სი-ენ-ენის” ფოტოები

 

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.