მადლობელი ვარ და რაც არ უნდა გაცვეთილი მოგეჩვენოთ ჩემი სათქმელი, მაინც უნდა ვთქვა:
მადლობა ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებს, თანამშრომლებს, პედაგოგებს, უბრალო ნაცნობებს და უცნობებს, ყველა იმ კეთილ და ლამაზ ადამიანს, ვინც ჩემს ცხოვრებაზე დიდი, ან მცირე გავლენა იქონია. პირველ რიგში დედას და მამას, მერე ყველა სხვა დანარჩენს. არ მინდა რეიტინგივით გამომივიდეს, ამიტომ კონკრეტულად მეტს აღარავის დავასახელებ. თან ლიტერატორებს, ფერმწერებს, მუსიკოსებს, კინოს და თეატრის მოღვაწეებს, მეცნიერებს და ასე შემდეგ რომ გავუყვე, მთელი დღე არ მეყოფა საწერად. ერთი კია, ადრე ეს უმეტესად უფროსი თაობის ადამიანები იყვნენ, მერე მათ თანდათან თანატოლები შეემატნენ და ახლა ჩემი შვილები და მათი თაობაც არის. რა ბედნიერებაა!
ადამიანი ინსტრუმენტს გავსო, ვიღაცას უთქვამს. და იმის მიხედვით, თუ ვინ შეეხება, შესაბამის ხმას გამოსცემსო. სიმართლეს გავს. დიდი დოზით, ალბათ ასეა.
ამიტომ დიდი მადლობა რომ მყავხართ, ან მყავდით ცხოვრების რომელიმე ეტაპზე. მადლიერი ვარ, რომ კეთილი, ლამაზი, ნიჭიერი, საინტერესო, ჭკვიანი, ერთგული, სათნო, თბილი და მოსიყვარულე ადამიანი ბევრად მეტი იყავით და ხართ ჩემს გარშემო, ვიდრე საპირისპირო თვისებების მქონე. იმათი მადლიერი ვერ ვიქნები, იმიტომ რომ ჭკუაც ვერ ვისწავლე. მაინც ისე გამომდის, რომ ჯერ ვენდობი ადამიანებს და მერე ზოგჯერ გაწბილებული ვრჩები. არა უშავს, ნუ ვიქნები ბრძენი და ყოვლისმცოდნე, გადავიტან. თან ძალიან ცოტანი არიან, კარგად იყვნენ.
ის, რაც გამოცდილებამ მართლა მასწავლა, ეს არის: ემიგრაციამ და რამდენიმე ყველაზე ტრაგიკულმა მომენტმა ცხოვრებაში დამარწმუნა, რომ სიყვარული თურმე არსად იკარგება და არ ქრება. არ აქვს მნიშვნელობა, შორს არის ის ადამიანი, თუ ახლოს, არის საერთოდ ცხოვრებაში შენს გვერდით, თუ არა.
სიყვარულის გამოხატვა ხმამაღლა ყოველთვის მიძნელდებოდა. ბევრჯერ ვინანე. იმედია, წერით უფრო გამომდის. მიყვარდით. კიდევ უფრო მიყვარხართ. და მეყვარებით მუდამ.
მადლობა.
გილოცავთ მადლიერების დღეს!
მოდით რა, თუ სხვა დროს ვერ ვახერხებთ, დღეს მაინც ვუთხრათ მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვიყვარს და ვისაც ვუყვარვართ. უბრალოდ იმისთვის, რომ არსებობენ და ცხოვრებას გვილამაზებენ, გვივსებენ და რაც მთავარია, გვაკეთილშობილებენ. თუ ჩემსავით ხმამაღლა ამის თქმა გიძნელდებათ, ეს წერილი გაუზიარეთ და ყველაფერს მიხვდებიან.
მრავალ მადლიერების დღეს და მრავალ სამადლობელს გისურვებთ!
http://www.youtube.com/watch?v=r4p8qxGbpOk