ოთხშაბათს „ვაშინგტონ პოსტის“ ვებ-გვერდი ამაყად გავუხსენი შვილებს, რომ მეჩვენებინა, სინეტიკის თეატრში მარტო იმიტომ კი არ მივდივართ, რომ ქართველი რეჟისორის, ქორეოგრაფის და კომპოზიტორის დადგმულია და რამდენიმე ქართველი მსახიობი თამაშობს, არამედ იმიტომ, რომ დღეს ვაშინგტონში ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლია. მართლაც, „ვაშინგტონ პოსტის“ მთავარი გვერდიდან თეატრების ბმულს რომ გახსნიდი, პირველი გაჩვენებდა პაატა ციქურიშვილის მე-9 უტექსტო შექსპირის წარმოდგენას – The Tempest, „ქარიშხალი“. ბარემ ერთსაც გეტყვით: ჩემი შვილები, ეკო და ჯაბა პენსილვანიის და ნიუ ჯერსის უნივერსიტეტებში სწავლობენ და იქვე მუშაობენ. ჩემთან, ვაშინგტონში ერთდროულად ჩამოსვლას იშვიათად ახერხებენ და თუ შეძლეს, ყველაზე უფრო თეატრში უნდათ ხოლმე ერთად წასვლა. ვაშინგტონი ნიუ იორკის შემდეგ ამერიკაში ყველაზე თეატრალური ქალაქია. 2012 წლის მონაცემებით დედაქალაქში 84 პროფესიონალი თეატრი ფუნქციონირებს. ჩემებს კი თეატრის სიყვარული თბილისიდან გამოყვათ და სულ მისტირიან რუსთაველის თეატრის სპექტაკლს „მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი“, რომელიც ერთ-ერთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებად და მონატრებად დარჩა მათთვის. მეორე ნომრად მათი ბავშვობის რეიტინგებში თეატრალური სარდაფის „სამგროშიანი ოპერაა“.
დავუბრუნდეთ ვაშინგტონს. ბილეთებზე თადარიგი ადრიანად არ დაგვიჭერია. ჩავთვალეთ, რომ რაკი ოთხშაბათია, შუა კვირაში ბილეთი პრობლემა არ იქნებოდა და შესვლის წინ ავიღებდით. სალაროს რომ მივუახლოვდით, ავნერვიულდით, რიგში სულ ცოტა 40-50 კაცი იდგა. ძლივს მოვახერხეთ შესვლა. როგორც მოგვიანებით გავიგე, მთელი ჩვენების მანძილზე შაბათ-კვირის ბილეთები წინასწარ გაყიდული იყო. სრული ანშლაგი ვაშინგტონის თეატრებში იშვიათი მოვლენაა. გთხოვთ დამიჯეროთ, ოდნავადაც არ ვაჭარბებ!
არ ვიცი, რამდენად გახსოვთ – შექსპირის „ქარიშხლის“ მოქმედება უმეტესად კუნძულზე ვითარდება. ამიტომაც არავის გაკვირვებია, როცა პაატას არჩევანი სპექტაკლში წყლის გამოყენებაზე შეჩერდა. სცენა მთელი წარმოდგენის მანძილზე წყლითაა დაფარული და პირველ რამდენიმე რიგში მაყურებლებს საწვიმრებსაც კი ურიგებენ. მსახიობთა მოძრაობა წყალში აბსოლუტურად განსხვავებულია. აშკარაა, რომ დამდგმელ ქორეოგრაფებს ირინა ციქურიშვილს და ბენ კუნისს „ქარიშხლისთვის” ფიზიკის შესწავლაც უფრო გულდასმით მოუწიათ.
რაკი პაატას რამდენიმე ნამუშევარი მაქვს ნანახი, ვხვდები, რომ წყალს აუცილებლად სხვა დატვირთვაც ექნება. ის მხოლოდ განწყობის შესაქმნელად არ იქნება სპექტაკლში შემოყვანილი. პროსპეროს მიერ სტიქიის კონტროლის მისტიური უნარის ხაზგასმაც ძალიან მარტივი ალეგორია იქნებოდა. იქნებ წარსულის ანარეკლია, რომელიც მუდმივად თან დაგყვება? რეჟისორისთვის შეიძლება უტექსტო სპექტაკლში რისხვის, სიყვარულის, სიხარულის თუ შენდობის დრამატიზების უძლიერესი ხერხიც იყოს. ან კიდევ დროის დინების, წარმავლობის დატვირთვა ქონდეს. პროსპერო ხომ დიდი ხნის წინ წლობით სკურპულოზურად დაგეგმილ შურისძიებას, ბოლოს მაინც პატიებას და შერიგებას არჩევს. თითქოს მისი ხანგრძლივი წყენის და რისხვის ბოლო კვალიც კი გადაირეცხება უკაცრიელი კუნძულის ნაპირიდან. ფაქტია, რომ სპექტაკლში წყალი არამარტო მოქმედი გმირების და მაყურებლის ემოციას აძლიერებს, არამედ თავად არის ერთ-ერთი ძლიერი პერსონაჟი, რომელიც ყველას აიძულებს ანგარიში გაუწიოს, სპექტაკლში მონაწილე ადამიანებით დაწყებული, მაყურებლით დამთავრებული. ხანდახან ისიც მეჩვენება, რომ წყალი მე-17 საუკუნეში შეთხზულ სცენურ ხასიათებს და 21-ე საუკუნის ამერიკელ მაყურებლს შორის შექმნილი ხან წყალგამყოფი და ხან კიდევ ერთმანეთთან დამაკავშირებელი გამჭვირვალე, მყიფე ხიდიც არის.
როგორც კი ეს გავიფიქრე, მაშინათვე რატომღაც მტკვარზე გადებული შუშის ხიდი მომაგონდა. ღამით ქარში ნასროლ ბრჭყვიალა მანდილს რომ გავს, რომელიც თან არიგებს და აკავშირებს ორ ნაპირს და თან თითქოს აცილებს მათ ერთმანეთისგან. 11 წელი ხდება, რაც ამერიკაში ვცხოვრობ და მაინც, საკმაოდ მიჭირს ყველა ემოცია ისევ საქართველოს არ დავუკავშირო. მითუმეტეს, რომ კარგად ვიცი, პაატასთვის ყველაფერი ქართული სხეულის და სულის განუყოფელი ნაწილია. სპექტაკლის შემდეგ გასასვლელში ქართველი ჯარისკაცები შეგვხვდნენ, ავღანეთის ომის ვეტერანები, რომლებიც მკურნალობის კურსს ვოლტერ რიდის ჰოსპიტალში ასრულებენ. პაატას დაუპატიჟებია.
რახან ბლოგი „ვაშინგტონ პოსტით“ დავიწყე, ბარემ იმით დავასრულებ, თუ რას წერს და ამბობს შეერთებული შტატების დედაქალაქის მედია პაატა და ირინა ციქურიშვილების მიერ 12 წლის წინ დაარსებული სინეტიკის თეატრის ბოლო წარმოდეგენაზე. „პაატას უნიკალური ნიჭი აქვს სიახლის ძიების და მიგნების, რათა ჯადოსნური და მომაჯადოვებელი სამყარო დამაჯერებლად გადმოგვცეს“ – წერს „ვაშინგტონ პოსტი“. ადგილობრივმა ტელეარხმა WETA წარმოდგენას მთელი სეგმენტი მიუძღვნა, რომელშიც თეატრალური მიმომხილველები ამბობენ, რომ რამდენიმე წელია ვაშინგტონს ასეთი მაღალი დონის სპექტაკლი არ უნახავს. გამოცემა „დისის თეატრის სცენები“ კი ამბობს, რომ სინეტიკის თეატრმა შექსპირის „ქარიშხლის“ ლამის „კინემატოგრაფიული ბლოკბასტერი“ წარმოადგინა. ირინა კავსაძე ველურ ბუნებაში გაზრდილ მირანდას თამაშობს და „ექსპრესიული სხეულით გადმოგვცემს ხასიათის იმ თავისუფლებას და ძლიერებას“, რომელიც არ არის სამეფო სასახლის ცხოვრების წესით შეზღუდული. „ირაკლი კავსაძე დასში ყველაზე მოწიფული და გამოცდილია. ის ისევე განსაცვიფრებელ პროსპეროს შექმნიდა, როგორიც მისი მეფე ლირი იყო, თუმცა ამჯერად სტეფანოს, საყვარელი ჯამბაზის როლს ასრულებს… ირაკლი კავსაძე ისეთი მაღალი დონის კომიკოსი აღმოჩნდა, რომ ემილი უიტვორსთან ერთად, თითქმის წაართვა კიდეც ყველას მთელი შოუ“. გამოცემის თეატრალური მიმომხილველი ნებისმიერ დამწყებ სტუდენტს ურჩევს კარგად ისწავლოს ამ ორი მსახიობისგან, თუ რამდენი რამ შეიძლება გაკეთდეს ერთი ბოთლით, ან უბრალო ქოლგით ხელში. „ვაშინგტონ ეგზამინერი“ სინეტიკის „ქარიშხალს“ სუნთქვისშემკვრელ სპექტაკლს უწოდებს: „როგორც ყოველთვის, პაატა ციქურიშვილმა გააშიშვლა შექსპირი, მოაცილა პიესას ყოველივე ზედაპირული და დატოვა ეპიცენტრში ყველაზე მთავარი – სიყვარული და შერიგება“.
სინეტიკის “ქარიშხლის” ტრეილერი:
მასალაში გამოყენებულია ჯონი შრიოკის ფოტოები.