„თვით რიგოლეტო“ – გიორგი გაგნიძე მეტროპოლიტენის ოპერაში

Posted May 6th, 2013 at 5:33 pm (UTC+0)
Leave a comment

„ის არამარტო დაიბადა რიგოლეტოსთვის, არამედ თვით რიგოლეტოა!“ – აღფრთოვანებით უთქვამს გიორგი გაგნიძის შესახებ ცნობილ ტენორს ხოსე კარერასს. წარმოშობით ესპანელმა ვარსკვლავმა მსოფლიოში სახელი სწორედ ვერდის ოპერებით გაითქვა და ამიტომ მისი ასეთი მაღალი შეფასება უამრავ სხვასთან შედარებით, გიორგისთვის განსაკუთრებით ძვირფასია.

მეტროპოლიტენის ოპერაში წლევანდელი სეზონის „რიგოლეტო“ სრულიად გამორჩეული იყო. რეჟისორ მაიკლ მაიერსს ჯუზეპე ვერდის შედევრის მოქმედება 60-იანი წლების ლას ვეგასში აქვს გადატანილი. სიუჟეტი ერთ-ერთ კაზინოში ვითარდება. რამდენადმე შეცვლილია თავად „რიგოლეტოს“ პერსონაჟების ხასიათებიც. მთავარი პარტიის შემსრულებელზე მეტროპოლიტენში დიდხანს არ უფიქრიათ. უკვე რამდენი წელია რიგოლეტო გიორგი გაგნიძის, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბარიტონის სავიზიტო ბარათად ითვლება.

1970 წელს თბილისში დაიბადა. კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში გაუმართლა და თამაზ ლაფერაშვილის კლასში მოხვდა. სწორედ ბატონი თამაზის რეკომენდაციით შედგა 1994 წელს მესამე კურსის სტუდენტის, გიორგი გაგნიძის დებიუტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერის და ბალეტის თეატრში.

„ერთ-ერთ რეპეტიციაზე შემოვიდა კახიძე ჩემთან. საინტერესო კონცერტის პრეზენტაცია მაქვს და იქ მღერიხარ შენო, მეუბნება. ესე იგი მოეწონა, იმის  ნიშანი იყო. 3 დღეში იყო კონცერტი, ამა და ამ დროს  და იმღერებ ამა და ამ ნაწარმოებსო. ჟერმონის არია იყო ოპერა „ტრავიატადან“. და მერე მითხრა, რომ ქართულ „აბესალომ და ეთერში“, მურმანის პარტიასაც ალბათ შეასრულებო. დიდი სწავლა არ გინდა, ალბათ იციო. მე ვუთხარი, ვიცი ყველაფერი-თქო, არ ვიცი არაფერზე არ მითქვამს. უცებ ვისწავლე“.

ამის შემდეგ თითქმის 10 წლის მანძილზე ასრულებდა წამყვან პარტიებს თბილისის ოპერაში. მაესტრო ჯანო კახიძის ერთ-ერთი ფავორიტი იყო. გიორგისთვისაც ჯანო სრულიად გამორჩეული პიროვნება გახლდათ. ამბობს, რომ ეს იყო „უდიდესი ადამიანი და უზარმაზარი როლი შეასრულა ქართული კულტურის განვითარებაში, რაც აუცილებლად უნდა დაუფასოს მომდევნო თაობებმა. მუშაობა უყვარდა სიგიჟემდე, თავისი საქმის ფანატიკოსი იყო და თუ ატყობდა, რომ შენც ასევე იყავი,  მაშინ გიჟდებოდა შენზეც“. გიორგი ჯანო კახიძეს უმადლის საზღვარგარეთ კარიერის გაგრძელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც მისი ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა და უდიდესი წარმატება მოუტანა.

თბილისის ოპერიდან ჯანოს გარდაცვალებისთანავე წავიდა. მანამდე რამდენიმე საერთაშორისო კონკურსში გრანპრი ჰქონდა მოპოვებული, რაც საზღვარგარეთ კარიერის გაგრძელებაში ძალიან დაეხმარა. მუშაობა გერმანიაში 2003-2005 წლებში ვაიმარის ეროვნულ თეატრში გააგრძელა და იქაც წამყვან პარტიებს ასრულებდა.

საერთაშორისო აღიარება იტალიაში ქალაქ ბუსეტოში 2005 წელს  გამართულმა ვერდის ფესტივალმა მოუტანა. ჟიურის თავმჯდომარე სახელგანთქმული ტენორი ხოსე კარერასი იყო. “დიდი მასშტაბის კონკურსია, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩადიან. მარტო კორეიდან 80 მომღერალი იყო ჩამოსულიო”, ყვება გიორგი.  ვერდის მშობლიურ ქალაქში „ვოჩი ვერდიანეს“ კონკურსზე გიორგიმ დიდი კომპოზიტორის 5 არია შეასრულა.

თვლის, რომ კონკურსი მაშინ რიგოლეტოს არიამ მოაგებინა. „ორი ადამიანია უცხოეთში, ვინც ჩემს კარიერაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. როგორც საქართველოში მყავდა მფარველი ანგელოსის სახით ჯანო კახიძე, ასეთივე იყო ჩემთვის ხოსე კარერასი და ლორი მაზელი საზღვარგარეთო“, აღნიშნავს გიორგი. ლორი მაზელმა, თანამედროვეობის ერთ-ერთმა უდიდესმა დირიჟორმა ვერდის ფესტივალის შემდეგ გიორგი იაპონიაში გასტროლებზე მიიწვია.  „პრინციპში მან გამიკვალა გზა მეტროპოლიტენის, ლასკალას და მსოფლიოს დანარჩენი წამყვანი საოპერო სცენებისკენო“, ამბობს გიორგი.

ამის შემდეგ დაიწყო მართლაც თავბრუდამხვევი კარიერა. ლა სკალაში დებიუტი 2007 წელს „ტრავიატით“ შედგა, მეტროპოლიტენში კი 2008 წელს „რიგოლეტოთი“. ამ სცენებზე სეზონზე ხანდახან ორი სპექტაკლით ბრუნდება. თითქმის ყველა ქვეყნის დიდ ქალაქში მაქვს ნამღერიო, ამბობს, პეკინშიც კი. რეპერტუარი 2017 წლამდე დაგეგმილი და თითქმის სრულად შევსებული აქვს. ნიუ იორკის შემდეგ ლა სკალას დასთან ერთად გასტროლები ეწყება. განრიგში წელს საფრანგეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბელგია და კიდევ რამდენიმე ქვეყანაა.

გიორგის ოჯახი, მეუღლე მაია გოგოლაძე და ორი შვილი გერმანიაში ცხოვრობენ. ბავშვებზე თხრობის და მათი ფოტოების ჩვენებისას თვალები ზუსტად ისევე უბრწყინდება და სიხარულით მთელი სხეულით ინთება, როგორც მის მთავარ საქმეზე, ოპერაზე საუბრისას. კითხვაზე, თუ სად უწევს ხოლმე წლის განმავლობაში ყველაზე დიდხანს ცხოვრება, გვპასუხობს:

შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ – თვითმფრინავში. ყველაზე მეტი ნაწილი არსად არ მიწევს, ან იქ მიწევს, სადაც დიდ ხანს ვჩერდები იმ პერიოდში, შეიძლება ორი თვე იყოს კონტრაქტი, ან სამი, მაქსიმუმი“.

დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, საქართველოშიც ახერხებს ხოლმე ჩასვლას და ქართველი მსმენელისთვის შესრულებას. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის, „დელიკატურია“ ჩვენი მსმენელიო, ამბობს. გიორგის აზრით, ქართველები უნიჭიერესი ხალხია. „ხელოვნების ბევრი დარგისადმი გვაქვს მიდრეკილება, განსაკუთრებით კი – სიმღერისადმი. პედაგოგებიც არაჩვეულებრივი გვყავს. ოპერის დამწყებ მომღერლებს ვურჩევ, რაც შეიძლება მეტ კონკურსში და ფესტივალზე მიიღონ მონაწილეობა. ეს არამარტო მათი წარმოჩენისთვის არის აუცილებელი, არამედ ამ დროს რეპერტუარიც უფრო მრავალფეროვანი ხდება და შესაბამისად, იზრდები და იხვეწები, როგორც პროფესიონალი“ ამბობს შეხვედრის ბოლოს გიორგი.

აუდიო ჩანაწერი

 

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.