ჯორჯიას ჯორჯიისგან

Posted August 13th, 2013 at 5:36 pm (UTC+0)
1 comment

დიზაინერი ირაკლი იმერლიშვილი

პირველივე ჩასვლამ ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში, ახალგაზრდა ქართველი ბიჭის ბედი რადიკალურად შეცვალა. მისთვის სიმბოლური გამოდგა ატლანტის ოლიმპიადისთვის მომზადებული ქართული სახლის დიზაინი, რომელსაც „ჯორჯიას ჯორჯიისგან“ (From Georgia to Georgia) დაარქვეს. მოგვიანებით ირაკლიმ ჯორჯიის შტატში 15 წელი გაატარა, სამაგისტრო პროგრამა დაამთავრა, დაოჯახდა და ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა. დღეს ქართული საბავშვო თეატრის მხატვარი წარმატებული დიზაინერია, რომელიც შეერთებული შტატების უმაღლესი კლასის გოლფის კლუბების, აბუ-დაბის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების, თუ ჰონგ-კონგის უძვირესი რესტორნების დიზაინის ავტორად გვევლინება.

ვფიქრობ, დადგა დრო, ქართველებმა უკეთ გავიცნოთ ირაკლი (შინაურებისთვის – ირა) იმერლიშვილი, რამდენიმე პრესტიჟული პრიზის მფლობელი, ნიჭიერი, გემოვნებიანი და უზომოდ შრომისმოყვარე ადამიანი, რომელმაც მართლა შეძლო ე.წ. ამერიკული ოცნება რეალობად ექცია. ამბობენ, შემთხვევით არაფერი ხდებაო. ასეა, თუ ისე, ჯერ, ნებისმიერ შემთხვევაში, თბილისში უნდა დავბრუნდეთ. ირაკლი ცნობილი ხელოვანის, უშანგი იმერლიშვილის ოჯახში გაიზარდა. მამა თბილისის ოპერის თეატრის მთავარი მხატვარი იყო და შესაბამისად, ოჯახში მუდმივად მხატვრები და ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლები ტრიალებდნენ. ბავშვობაში რაც თავი მახსოვს, სულ ფანქარი ან კალამი მეჭირა და ვხატავდიო, იგონებს ირაკლი.

აბუ-დაბის სასტუმროს ვესტიბიული

სპეციალობის არჩევაზე არც უყოყმანია. მე-7 სკოლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში თეატრის დიზაინის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. 17 წლიდან მუშაობდა გოგი თოდაძის საბავშვო თეატრ „ბერიკებში“. კარიერა თავიდანვე წარმატებული გამოდგა. სპექტაკლები იმდენად პოპულარული იყო, რომ ძალიან ხშირად იწვევდნენ უცხოეთში გასტროლებზე. ატლანტაში გამგზავრებამდე, 90-იანი წლების დასაწყისში ბათუმის ოპერის და ბალეტის თეატრის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, რითაც ძალიან ამაყობს. „ვამაყობ იმიტომ, რომ იმ ყველაზე რთულ პერიოდში, ტყვიების ზუზუნის და ნგრევის წლებში, ჩვენ ვხატავდით და ვაშენებდით. ძალიან გამიმართლა მაშინ“ – ამბობს ირაკლი.

1995 წელი იყო. საქართველო ატლანტის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა. ქართული ნაკრები პირველად იღებდა მონაწილეობას მსოფლიო ოლიმპიადაზე, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის წარმომადგენელი. ნაკრების ოლიმპიური ჩაცმულობისთვის გამართულ კონკურსში ირაკლი იმერლიშვილმა გაიმარჯვა. ფორმების დიზაინის და შესრულების გარდა, მას უნდა მოეწყო მუზეუმის ტიპის ე.წ. ქართული სახლი ატლანტაში. სახლის „ჯორჯიას ჯორჯიისგან“ საზეიმო გახსნაზე ამერიკელი წყვილი, ჯეიმს და ნენსი ფილდსები გამოეცნაურენ.  ფილდსები აღფრთოვანებული იყვნენ ირაკლის გაკეთებული დიზაინით. ნენსი თავადაც დიზაინერი იყო, ამიტომ მისი იშვიათი გემოვნება შეუმჩნეველი არ დარჩენია. ზოგიერთი ამერიკელი ოჯახის უზომო სიკეთეზე გსმენიათ, ალბათ. ფილდსებიც სწორედ ასეთები აღმოჩდნენ. ისინი დაბეჯითებით თხოვდნენ ირაკლის ამერიკაში დარჩენას და პირდებოდნენ, რომ სწავლის საფასურს გადაუხდიდნენ. ირაკლი ეჭვის თვალით უყურებდა ამ პერსპექტივას, იმიტომ რომ ინგლისური თითქმის არ იცოდა.

ფილდსების ოჯახს ვთხოვე, წავალ საქართველოში, ვისწავლი, მოვემზადები, ჩავაბარებ გამოცდებს და ამის მიხედვით, დრო გვაჩვენებს, როგორ წავა საქმე-თქო. ფილდსებმა ისე მოინდომეს, ენით აუწერელი ისტორიაა. იმდენი რამე გააკეთეს ჩემთვის, იქ რომ გამეგრძელებინა სწავლა, უბრალოდ წარმოუდგენელია. რომ ვყვები ხოლმე ამ ისტორიას, თავიდან ბევრი ვერ მიჯერებს, იმხელა სიკეთე გამიკეთეს. 1996 წელს დავბრუნდი თბილისში, 2 წლის განმავლობაში მოვიკეტე კარი, ჩავიკეტე, რომ მესწავლა ინგლისური. ორ წელიწადში ჩავაბარე გამოცდები, რამაც მომცა საშუალება რომ წავსულიყავი ატლანტაში” – ყვება ირაკლი

ის ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო. ფილდსებთან ცხოვრობდა, ყველანაირი ხარჯი თავის თავზე აიღესო, ამბობს. მანქანაც კი უყიდეს, რადგან უნივერსიტეტში სხვანაირად ვერ ივლიდა. დაფინანსების გარდა, ჯეიმსი და ნენსი მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ირაკლის თავი უცხოდ არ ეგრძნო, ქართული კულინარიაც კი საგანგებოდ შეისწავლეს და საღამოობით, ხშირად ქართულ კერძებს ახვედრებდნენ.

სწავლის პერიოდში ინტერნატურა (6-თვიანი სასწავლო პრაქტიკა) გაიარა ცნობილ არქიტექტურის და დიზაინის ფირმაში „ნაილს ბოლტონ ესოშიეთ“ (Niles Bolton Associates). იოლი არ იყოო, ამბობს, რადგან დიზაინის ქართული სკოლა დასავლეთში მიღებული სტანდარტებისგან ბევრად განსხვავდებოდა. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ხელით ხაზვის და ხატვის კულტურა ამერიკაში აღარ არსებობს, სამწუხაროდ სულ მთლად დაკარგულიაო, ყვება ირაკლი. მალევე მიხვდა, რომ სამუშაო მეტად შემოქმედებითი რომ ყოფილიყო, დიზაინში უფრო ტურიზმის განხრით უნდა წასულიყო. სკოლების, საავადმყოფოების, თუ ოფისების დიზაინი მას არ აინტერესებდა.

უნივერსიტეტი 26 წლის ასაკში დაამთავრა და მაშინათვე დაიწყო მუშაობა ატლანტაში მდებარე კომპანიაში „დიზაინ ქონთინიუმ“ (Design Continuum). სასტუმროების დიზაინის პროფესიაში პირველი სერიოზული ნაბიჯებიც სწორედ იქ გადადგა. სახელი პროფესიონალებში მას შემდეგ გაითქვა, რაც „თი-ფი-სის“ გოლფის კლუბის ბოსტონის ფილიალის დიზაინი გააკეთა, რომელიც აშენებისთანავე შეერთებულ შტატებში საუკეთესო კერძო კლუბებს შორის დასახელდა. ჟურნალმა „გოლფ ინქორფორეითიდ“ ის შეერთებულ შტატებში ნომერ პირველ კლუბადაც კი აღიარა.

სამი წლის შემდეგ სამსახური საოცნებო კომპანია „ეიჩ-ბი-ეის“ (HBA-Hirsh Bedner Associates) ატლანტის ფილიალში შესთავაზეს. ეს უკვე საერთაშორისო, გლობალურ მასშტაბებზე გასვლას ნიშნავდა. კომპანიას ოფისები მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში აქვს. ჟურნალი „ინტერიერის დიზაინი“ (Interior Design) ყოველწლიურად აქვეყნებს სიას სახელწოდებით „ინტერიერის დიზაინის გიგანტები“, რომელშიც ტურიზმის ბიზნესში ბოლო 10 წელზე მეტია პირველ ადგილს კომპანია „ეიჩ-ბი-ეი“ იღებს. ჟურნალი რამდენიმე მონაცემზე დაფუძნებულ რეიტინგებს ადგენს, მათ შორის ხარისხთან ერთად, დაკვეთების ყოველწლიური მოცულობაც არის. ირაკლიმ კომპანიაში ბოლო 8 წელიწადი გაატარა. ამ პერიოდს მიეკუთვნება მისი ყველაზე დიდი მასშტაბის პროექტები, პუბლიკაციები დიდი ბრიტანეთის, თუ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების პრესტიჟულ გამოცემებში და რამდენიმე საერთაშორისო ჯილდოც. პრესტიჟულ პრიზებს შორისაა 2012 წლის ნოემბერში აღებული ჯილდო საუკეთესო სპის დიზაინისთვის და 2013 წლის აპრილში – აბუ დაბიში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „რიჯისის“ დიზაინისთვის.

ირაკლის ჰონგ კონგში დავუკავშირდით. იქ მისი დიზაინით სულ რამდენიმე დღის წინ 3 რესტორანი გაიხსნა. რესტორნების კლასზე იმის მიხედვითაც შეიძლება მსჯელობა, რომ ერთ-ერთი მათგანი მხოლოდ ფართის ქირაობაში ყოველთვიურად საშუალოდ 120 ათას ამერიკულ დოლარს იხდის. ირაკლი ამბობს, რომ ისე მოსწონს ჰონგ კონგის დინამიურობა და მუდმივად ცვალებადი, დაუშრეტელი ენერგია, რომ იქ რამდენიმე წლით დარჩენას გეგმავს.

ირაკლის ნამუშევრები ნიუ იორკში მცხოვრებ ხელოვნებათმცოდნეს, თამარ ტვილდიანს ვაჩვენეთ, რომელიც ამბობს, რომ მისთვის ეს იყო მოულოდნელი სიურპრიზი, აღმოჩენა და სრული სენსაცია. თამარს ყველაზე მეტად აბუ დაბის სასტუმრო და ჰონგ კონგის რესტორნების დიზაინი მოეწონა. მისი თქმით, ორივე მათგანი მდებარეობს ისეთ „განებივრებულ“ რეგიონებში, რომელთა არტ-სივრცეში შეღწევა ძალიან რთულიც არის და იმავდროულად სასურველიც მსოფლიოს ბევრი მაღალი დონის შემოქმედისთვის. ასეთი კლასის დაკვეთის მიმღები ავტორის პროფესიონალიზმზე ლაპარაკი ზედმეტადაც კი მიმაჩნიაო, ამბობს თამარი და გვიხსნის, რომ ინტერიერის დიზაინი, თავისთავად  საკმაოდ რთული და კომპლექსური დარგია. „ის ითხოვს მრავალმხრივ ცოდნას და თავის თავში მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ნაგებობის ადგილი და ხასიათი; შიდა სივრცის დანიშნულება და მასშტაბი; ავეჯის, განათების, ფერის, ფაქტურის ელემენტები. სწორედ დიზაინერია ყველა ამ ფაქტორის კომპოზიტორი და თუ გნებავთ, დირიჟორიც“ ამბობს თამარი და დასძენს, რომ მთლიანად დიზაინერის მხატვრულ ალღოზე და გამოვნებაზეა დამოკიდებული ის ემოციური განწყობა, რომელსაც საბოლოო ჯამში ამა თუ იმ ინტერიერისგან ვღებულობთ. კითხვაზე, მაინც რა არის ის მთავარი, განსაკუთრებული, რითაც ირაკლიმ მოახერხა თავის წარმოჩენა, ამ ძალზე კონკურენტულ გარემოში დამკვიდრება და პრეტენზიული დამკვეთის ყურადღების მიპყრობა, თამარი გვასუხობს:

ორივეგან, ჰონგ კონგის და აბუდაბის შემთხვევაშიც სჩანს ერთი და იგივე, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მიდგომა: ითვალისწინებს რა რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ხასიათს, მისი არქიტექტურისთვის დამახასიათებელ ელემენტებს და დეკორატიულ შტრიხებს, ავტორი განსაკუთრებული ზომიერების გრძნობით და სიფაქიზით აკეთებს გარკვეული დეტალების სტილიზაციას. და იყენებს მათ დამაგვირგვინებელ აქცენტებად ინტერიერის განწყობის შექმნისათვის“.

ეს აქცენტები ამ ულტრათანამედროვე სივრცეებში, ხელოვნებათმცოდნის განმარტებით, ერთის მხრივ, მიგვანიშნებენ, თუ მსოფლიოს რა ნაწილში იმყოფები. მეორეს მხრივ კი, პატივს მიაგებენ იმ ქვეყნის კულტურულ წარსულს, სადაც მხატვრული ნაწარმოები იქმნება. „აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ ნიჭიერება ასეთ შესანიშნავ ნაყოფს ვერ გამოიღებს. ირაკლი იმერლიშვილის შემოქმედება არის სიმბიოზი ტალანტის, მაღალი პროფესიონალიზმის და ტიტანური შრომის“ – აღნიშნავს დასასრულს თამარ ტვილდიანი.

 

აქ შეგიძლიათ მოისმინოთ აუდიოჩანაწერი

ფოტოებზე დაწკაპუნების შემთხვევაში, ისინი დიდდება და მათი დეტალურად გაცნობის საშუალება მოგეცემათ.

One response to “ჯორჯიას ჯორჯიისგან”

  1. Jumber Asatiani says:

    ირაკლი იმერლიშვილის შემოქმედება არის სიმბიოზი ტალანტის, მაღალი პროფესიონალიზმის და ტიტანური შრომის“ – აღნიშნავს დასასრულს თამარ ტვილდიანი.

    Many thanks to VOA!!

    BEST WISHES TO IRAKLI!

    HOPE HE”LL BE INVITED TO TBILISI, BATUMI and other places in Georgia.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.