„ქართული ხმების“ კვარტეტის მანქანა ვაშინგტონში საღამოს 6 საათისთვის შემოვიდა. შეერთებული შტატების დედაქალაქში დათო არჩვაძე, დათო კიკაბიძე, ზურა და გივი ბაკურაძეები იმ დღეს ექსკურსიაზე არ ჩამოსულან. ნიუ იორკიდან მომავალი მანქანის ნავიგატორში დანიშნულების ადგილად ვოლტერ რიდის ჰოსპიტლის მისამართი იყო შეყვანილი.
ამერიკაში სულ რამდენიმე დღით გასტროლებზე მყოფმა მომღერლებმა ავღანეთში დაჭრილი ქართველი ვეტერანების მოსანახულებლად მანქანით თითქმის 5 საათი იმგზავრეს. ძალიან უნდოდათ ცოტა ხნით მაინც მათ გვერდში ყოფნა, თანამებრძოლების დაღუპვის გამო მისამძიმრება და თან მათთვის პატარა საჩუქარიც მოჰქონდათ. ეს იყო ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცებისთვის დაწერილი სიმღერა, რომლის ავტორებიც ლილიკო ნემსაძე და ნანა ცინცაძე არიან. სიმღერის პრემიერა სწორედ საავადმყოფოს პატარა, მყუდრო მისაღებში დაიგეგმა, ყოველგვარი პომპეზურობის და გაპრანჭული ექსკლუზივების გარეშე.
„კომპოზიტორმა ლილიკო ნემსაძემ შექმნა ახალი სიმღერა სპეციალურად „ქართული ხმებისთვის“, ჩვენი ანსამბლისთვის. ფაქტიურად წამოსვლის წინა დღეებში ჩაიწერა ეს სიმღერა. მეც გამზადებული პირველად მოვისმინე ეს სიმღერა და ჩამოვუტანეთ საჩუქრად ბიჭებს“ – ყვება დათო არჩვაძე.
ავღანეთში მყოფი ჯარისკაცებისთვის თბილისში ჩაწერილი სიმღერა “ბიჭებო”
ძალიან ემოციური საღამო გამოვიდა. საჩუქარი კი ბევრად უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ერთი ლამაზი სიმღერა, თუნდაც „ქართული ხმების“, ამ უბადლო შემსრულებლების, ნამღერი. თავიდან ცოტა უხერხული, დროდადრო ძალიან სევდიანი საღამო ბოლოსკენ თითქოს გამთლიანდა და ომახიანი სიმღერით და უზომო სითბოთი სავსე ერთობაში და თანადგომაში გადაიზარდა. განუმეორებელ, დაუვიწყარ დღედ დარჩება ყველასთვის, როგორც სტუმრებითვის, ისე მასპინძლებისთვის და შემთხვევით შემოსწრებული უცხოელებისთვისაც კი, რომლებიც ჯერ გაკვირვებით, შემდეგ კი დაუფარავი აღტაცებით შესცქეროდნენ იქ თავმოყრილ ქართველებს და მონუსხულებივით ადგილიდან ფეხს ვერ იცვლიდნენ.
ზურა ბაკურაძე ამბობს, რომ მსგავსი განცდა არასოდეს ჰქონია. „ისეთი დღეების კატეგორიას მივაკუთვნებ, არასოდეს რომ არ დაგავიწყდება, სულ თითებზე ჩამოსათვლელი რომ გაქვს. იმიტომ, რომ ამ ბიჭებთან და ამ გმირებთან შეხვედრა პატივი იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის. მოგვეცა იმედი ჩვენი ქვეყნის და სიცოცხლის. ჩვენი იმედები არიან და უბედნიერესი ხალხი ვართ, რომ მოხდა ასეთი ლამაზი შეხვედრა“.
„შეცოდება ჩვენ ბიჭებს ყველაზე ნაკლებად ჭირდებათო“, თქვა ერთ-ერთმა ავღანელმა ვეტერანმა, რომელიც დაჭრილებს ეხმარება, „ქართველებმა ჯობია ვიამაყოთ ასეთი ვაჟკაცებითო“. ვოლტერ რიდის მისაღებში არაერთხელ გაჟღერებული მსგავსი სიტყვები, ქართველის თუ უცხოელის მიერ წარმოთქმული, აქ ბანალურ ჭეშმარიტებად ჟღერს, მაგრამ ამ კედლებს მიღმა ეს ბევრს სამწუხაროდ, არ ესმის. ქართველი ჯარისკაცები ხომ ყველაზე აპოლიტიკურები არიან. მათ სწამთ, რომ სახელმწიფოს ემსახურებიან, და არა მუდმივად ცვალებად პოლიტიკოსებს. იქ იბრძოლებენ, სადაც საქართველო ჩათვლის ამას საჭიროდ და თავს ყოველგვარი კითხვის ნიშნის დასმის გარეშე ანაცვალებენ ქართული სახელმწიფოს მშენებლობის და დაცვის საქმეს. ვინც არ უნდა მოინდომოს და როგორადაც არ უნდა ეცადოს, ვერანაირი კონტრაქტის პირობებით და ხელფასით ვერ დააკნინებს მათ თავდადებას და ქვეყნის სამსახურს.
„მინდა ყველას ვუთხრა, რომ მივიდნენ, იმ ბიჭებს თვალებში ჩახედონ და ალბათ იმედი მაქვს, რომ შერცხვებათ თავიანთი თავის. მებრძოლი თუ არ ხარ სულით, გულით და სხვა იდეა არ გაქვს, ვერ იქნები იქ უბრალოდ. ესენი ნამდვილი მებრძოლი ბიჭები არიან და ეგეთი რამე ალბათ არ უნდა გაბედოს ადამიანმა, ვინც არ უნდა იყოს და მსგავსი სიტყვები აკადროს მათ. იგივე სიკვდილის ტოლფასია იმ ბიჭებისთვის. იმასაც ვიტყვი, რომ იქ რომ მივედით, თითქოს ხელიც გვქონდა და ფეხიც, მაგრამ ვერანაირად ვერ ვიგრძენი თავი იმათზე ძლიერად. იმდენად ძლიერები და ისეთი სულის ბიჭები არიან“ – ამბობს დათო კიკაბიძე.
დილის პირველი საათი დაიწყო. ჩვენი ჯარისკაცები ჯერ კიდევ მხნედ გამოიყურებოდნენ და არაფრით ემეტებოდათ გასაშვებად „ქართული ხმების“ ბიჭები. იმათაც ფეხები თითქოს უკან რჩებოდათ, მაგრამ ამერიკელი ექიმების და პაციენტების კეთილგანწყობით და მოთმინებით მეტს ვეღარ ისარგებლებდნენ. ჰოსპიტალში ხომ შუაღამემდე, თითქმის 6 საათი განუწყვეტლად ისმოდა ქართული საგალობლები, ქალაქური თუ ხალხური სიმღერები.
„სასწაული ემოცია იყო და ვერ გამოვთქვამ უბრალოდ იმ ყველაფერს, რაც ვიგრძენი და შევიგრძენი – ამ ბიჭების ვაჟკაცობას, უდიდეს სიყვარულს თავის ქვეყნის მიმართ. ალბათ ღირდა აქ ჩამოსვლა იმად, რომ მოგვიწია ცოტა ხნით ბიჭების გვერდში დგომა. მართლა ენით აუწერელი სიამოვნება და ემოცია მივიღეთ თითოეულმა ჩვენთაგანმა“ – ამბობს გივი ბაკურაძე.
დამშვიდობების შემდეგ, ბიჭებმა საავადმყოფოს გასასვლელში მოულოდნელად ისეთი მრავალჟამიერი დაცხეს, გულიდან ამომსკდარ ყვირილს რომ უფრო გავდა. ენით გამოუთქმელ დარდს, ტკივილს, სიხარულს, სიყვარულს, ერთად დგომას, გამარჯვების ჟინს, სიმტკიცეს, მომავლის რწმენას – ყველაფერს ერთად რომ იტევდა ორიოდ წუთში უბადლო იმპროვიზაციით შესრულებული ეს მართლაც გენიალური სიმღერა.
საავადმყოფოში ნამღერი მრავალჟამიერი (ბოდიშს გიხდით ტელეფონით გადაღებული კადრებისთვის)
აქ შეგიძლიათ მოუსმინოთ აუდიოჩანაწერს
P. S.
ავღანელი ვეტერანების სახელით, „ქართული ხმების“ კვარტეტთან ერთად მადლობას ვუხდით გასტროლების ორგანიზატორს გელა საჩალელს და კომპანია „ზუბერს“; ირაკლი შაიშმელაშვილს; ასევე ბრუკლინში მდებარე მაღაზიას Georgian Food (ქართული კერძები) და მის მფლობელებს შორენა დალაქიშვილს და თიკა დათაშვილს, რომელთაც ვაშინგტონში ნამდვილი ქართული, გულუხვი სუფრა გაშალეს.
3 responses to ““არ უნდა გვეცოდებოდნენ, უნდა ვამაყობდეთ ამ ბიჭებით””
ღმერთმა ადიდოს ქვეყნისათვის თავდადებაში სულმნათი მერაბის საქმით მობაძავი მამულიშვილები, ხოლო მათი შეუპოვარი შემართების ღირსეულად დამფასებლებს ღმერთმა შეუწიროს მათ მიერ გაღებული ღვაწლი, ამინ!
გაიხარეთ და გაგახაროთ ღმერთმა რამდენი სიხარული და იმედიც თქვენ ამ ბიჭებს მიანიჭეთ. სადაც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა იყო ქარული სიმღერა არა მარტო სიმღერაა, არამედ ზუსტად ამ ჰაგებში გაისიმის იმედი, სამშობლოს სიყვარული, კულტურა, ერთობა და ვაჯკაცური ხასიათი.
სამწუხაროდ ვერ ვნახე youtube -ზე ვიდეო.
This video is private.
If the owner of this video has granted you access, please log in.
შეიძლება მომცეთ საშუალება რომ ვუყურო?
მადლობა კომენტარისთვის. სიმღერის “ბიჭებო” კლიპს გულისხმობთ?