ზუსტად არავინ იცის, თუ რატომ მოიხიბლა ჰოლივუდი ასე ძლიერ ფრანგული წარმოების „არტისტით“. მაგრამ “ოსკარებამდე” დიდი ხნით ადრე გამარჯვებას ექსპერტების უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ფილმს უწინასწარმეტყველებდა. კინოკონკურსების სეზონის დაწყებისთანავე მას ამერიკულმა მედიამ „unstoppable”, დაუძლეველი, შეუჩერებელიც კი უწოდა.
კინოკრიტიკოსების აზრით ერთ-ერთი გასაღები შეიძლება მთავარი როლის შემსრულებლის, კომიკოსი ჟან დუჟარდენის უზადო ნიჭიერება, ძალზე გამომსახველი სახე, შარმი და ჰოლივუდური ღიმილი იყოს. ამას თუ დავუმატებთ ამერიკელთათვის ახლობელ სიუჟეტს და ზედმეტად დამტკბარ, „ჰეფიენდურ“ დასასრულს, გამარჯვების ლოგიკას ცოტა უფრო მივუახლოვდებით.
ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კინოკრიტიკოსი, როჯერ იბერტი ფილმის ღირსებებზე საუბრისას თავშეკავებულად ამბობს, რომ „არტისტი“ საუკეთესო იქნება შობაზე ტელევიზიით საჩვენებლად, ან რომელიმე სხვა „სადღესასწაულო სეზონზე, რადგან მას უნივერსალური ენა აქვს და ყველა ასაკის მაყურებელს ეხმაურება“.
„ჩიკაგო რიდერის“ კრიტიკოსი, იგნატი ვიშნევსკი კი აღნიშნავს, რომ „ფილმმა უხმო, შავ-თეთრი ეპოქის მხოლოდ სტილის და ფორმის რეპროდუქცია შესძლო, ეპოქის სული კი უფრო უკეთ ჩანს მარტინ სკორსეზეს „ჰუგოში“, რომელიც სამგანზომილებიანი, ფართოეკრანიანი, ფერადი, ხმოვანი და ყველა ნიშნით მოდერნისტული ნამუშევარია“.
ჟურნალისტები ასევე ბევრს საუბრობენ ფილმის წარმატებულ სარეკლამო კამპანიაზე, რომელსაც ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სტუდიის, „მირამაქსის“ ხელმძღვანელის, ჰარვი ვაინშტაინის ფირმა „ვაინშტაინ კომპანი“ ედგა სათავეში. როგორც ამბობენ, ის ლამის კარდაკარ დადიოდა და აკადემიის წევრებს ფილმისთვის ხმის მიცემას სთხოვდა.
რიგითი მაყურებლების უმრავლესობას ფილმი არ უნახავს, რადგან ის მასობრივი ჩვენებისთვის არც იყო განსაზღვრული. ვინც ნახა, ისინი აღფრთოვანებულნი იყვნენ. მათ შორის ბევრი ამბობს, რომ „არტისტი“ არის „cute movie” – ანუ ძალიან საყვარელი, მომხიბლავი, სასიამოვნო ფილმი. ფილმის ჩვენებები კინოთეატრებში ზოგჯერ ოვაციით მთავრდებოდა. ამერიკაში ასეთი რამ ხშირად ხდება, ჩემი დაკვირვებით – უფრო მაშინ, როცა ფილმს ბედნიერი დასასრული აქვს.
„არტისტში“ მოვლენები ჰოლივუდის 20-ანი წლების უხმო კინოს ვარსკვლავის, ჯორჯ ვალენტინის ირგვლივ ვითარდება. მის ფანებს შორისაა პეპი მილერი, ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ეპიზოდური როლების მოპოვებასაც კი გაჭირვებით ახერხებს. ჯორჯ ვალენტინთან ერთად ფილმში შესრულებული ერთი ცეკვის შემდეგ მისი ფოტო გაზეთებში მოხვდება და უსაფუძვლო ჭორების საბაბი ხდება, რაც მას წარმატების მიღწევაში ყველაზე დიდ ბიძგს აძლევს. მილერი მალე ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი ვარსკვლავი გახდება, ვალენტინის ბედი კი სრულიად საპირისპიროდ შეიცვლება.
ხმოვანი კინოს შემოსვლისთანავე ჯორჯ ვალენტინის პოპულარობა თანდათან იკლებს. ახალი ტექნოლოგიებით შექმნილ კინოში ვალენტინი საკუთარ ხმას ვერ პოულობს. ფანებიც მალე დაივიწყებენ ერთ დროს გაფეტიშებულ კერპს. ის კოტრდება, ლოთდება და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. დახმარებას პეპი მილერისგან არ იღებს, ამბიციური, ამაყი და შეუვალია.
“არტისტის“ რეჟისორი, ფრანგი მაიკლ ჰაზანავიკუსი ამბობს, რომ ეს არის სიყვარულის ისტორია და 20-30-იანი წლების ჰოლივუდური ლეგენდა საკმაოდ მარტივი მორალით, რომელიც პოპულარობის მიერ ადამიანისთვის დაგებულ ხაფანგში გამოიხატება. რეჟისორმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ ფილმი მაყურებლის დიდი სიყვარულით და მისდამი პატივისცემით გადაიღო. ამიტომ მაქსიმალურად აერიდა სიშიშვლის, უხამსობის და ძალადობის სცენებს.
ჰაზანავიკუსმა მიზანს არაჩვეულებრივი წარმატებით მიაღწია. „არტისტი“ მართლაც სიყვარულის, ერთგულების და პატივისცემის უზომოდ თბილი ისტორიაა. ფილმი ძალიან მსუბუქია და თითქოს ერთ ამოსუნთქვაში მთავრდება. არც დიალოგებითაა გადატვირთული და არც კადრობრივი, თუ აზრობრივი ქვეტექსტებით. იქნებ სწორედ ამაში იყოს ფილმის პოპულარობის საიდუმლო. ყოველდღიური პრობლემებით გადაღლილ რიგით ამერიკელს შესაძლოა დახვეწილი გემოვნებით შექმნილი სწორედ ეს სისადავე და სიმარტივე მოენატრა, ყოველ შემთხვევაში კინოსმოყვარულთა საკმაოდ დიდ ნაწილს.