ვირჯინიის ქართველი ჩემპიონი

Posted June 16th, 2013 at 5:51 pm (UTC+0)
1 comment

14 წლის მარიამ სალაყაიამ ჩოგბურთში ვირჯინიის შტატის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიით შევიტყვეთ, რომელიც ასევე იყო დასათაურებული: „ჩოგბურთი: მარიამ სალაყაია ჯორჯ მეისონის სკოლიდან ერთეულებში ვირჯინიის ა-კლასის  ჩემპიონი გახდა“. სასიხარულო ცნობა ქართული ემიგრაციის სოციალურ ქსელებში მაშინათვე გავრცელდა. ცნობისთვის: ვირჯინიის მოსახლეობა 11 მილიონს აღემატება.

ფინალში მარიამმა დამაჯერებლად მოუგო როზა სმიტს: 6-3, 6:2. „ის ორივე მატჩს სრულად აკონტროლებდა. ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა. ეს ხომ მარიამის დებიუტია… ის კორტზე ძალიან თავდაჯერებული, ფოკუსირებული იყო. მხოლოდ ჩოგბურთზე, საკუთარ თამაშზე იყო კონცენტრირებული. უდიდესი წარმატებაა! – განუცხადა „ვაშინგტონ პოსტს“ ჯორჯ მეისონის მწვრთნელმა, ქრისლინ ბალდომ. „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს კი ქრისლინმა აღნიშნა, რომ ის განსაკუთრებით ბედნიერია იმით, რომ მარიამმა არამარტო ერთეულებში გაიმარჯვა, არამედ სკოლის გუნდის გამარჯვებაშიც დიდი წვლილი შეიტანა. მწვრთნელის თქმით, ჯორჯ მეისონის სკოლას ჩემპიონის ტიტული 1988 წლის შემდეგ არ მოუპოვებია. ძალიან ამაყი, უბედნიერესი ვარ ჩემი გოგონების წარმატებითო, ამბობს გუნდის მწვრთნელი და მარიამის თამაშის სტილის შესახებ ამბობს, რომ ის სრულიად განსხვავდება მარიამის ხასიათისგან:

„არასოდეს მინახავს მარიამის ასეთი აგრესიული თამაში. გოგონებთან ისეთი მხიარული და მეგობრულია, მაგრამ შემდეგ, კორტზე აბსოლუტური ტრანსფორმაცია მოხდა. მომენტალურად საბრძოლოდ შემართული და მტრული გახდა, არაფრის დათმობას აპირებდა.

შტატის ჩემპიონატზე სრულიად განსაცვიფრებელი კლასი აჩვენა. თითოეული ქულისთვის იბრძოდა. იყო მომენტი, როცა მომეჩვენა, რომ პოზიციებს თმობდა, მაგრამ მაშინათვე აღიდგინა თავდაჯერება და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლა. ეს გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თამაში დანარჩენ გოგონებსაც დიდ ძალას აძლევს. ახლა მარიამი უკვე ეროვნულ ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას“ – ამბობს მარიამის მწვრთნელი.

მარიამი შეერთებულ შტატებში სულ 4 წლის წინ ჩამოვიდა. ჩოგბურთს 7 წლიდან თამაშობდა მიშა ბუთხუზის ჯგუფში და საქართველოშიც არაერთ ჩემპიონატში მიუღია მონაწილეობა, მაგრამ ამერიკაში დამამთავრებელ კლასებამდე სკოლებში ტურნირები არ იმართება. ამიტომ მხოლოდ მე-9 კლასში გადასვლის შემდეგ ჩასვეს მარიამი სკოლის გუნდში, რომელმაც წელს (ალბათ მარიამის დიდი დამსახურებითაც) ვირჯინიის შტატის ჩემპიონატი მოიგო.

ტურნირში მარიამზე ბევრად უფროსი და გამოცდილი ჩოგბურთელები მონაწილეობდნენ. 14 წლის, ერთი შეხედვით, გამოუცდელი უცხოელი  გოგონას გამარჯვებას არავინ ელოდა. 8 თამაშის მოგება მოუწია, რომ ერთეულებში ჩემპიონი გამხდარიყო. თან მეტოქე თითოეულ თამაშზე, როგორც წესი, მასზე უფროსი და გამოცდილი იყო. მარიამი თვლის, რომ მის წარმატებაში დიდი როლი ითამაშეს ამერიკელმა თანაგუნდელებმა, რომლებმაც სკოლაში თავი უცხოდ არ აგრძნობინეს, თავისიანად მიიღეს და თავიდანვე დაუმეგობრდნენ.

კითხვაზე, თუ რამდენად განსხვავდება ქართული საჩოგბურთო სკოლა ამერიკულისგან, მარიამი გვპასუხობს, რომ კვირაში ხუთჯერ ვარჯიშობს, დაახლოებით ორსაათნახევარი დღეში, მაშინ როცა საქართველოში დღეში მხოლოდ 1 საათის მანძილზე ვარჯიშობდა.

„აქ უფრო დიდხანს არის ვარჯიშები და უფრო ინტენსიურია. საქართველოში მარტო 1 საათი იყო იყო ხოლმე ვარჯიში. თან აქ უფრო მეტი ბავშვია ჯგუფში. შეჯიბრებები იყო მარტო შემოდგომაზე და გაზაფხულზე. აქ კორტებიც უფრო მეტია. თან ტურნირები ყოველ შაბათ-კვირასაა“ – გვიხსნის მარიამი.

ჩოგბურთელობაზე ჯერჯერობით არ ფიქრობს. უნდა რომ ოჯახური ტრადიცია გააგრძელოს და ექიმი გახდეს. ყველაზე უფრო ქირურგია აინტერესებს. ხშირად დადის საქართველოში, თითქმის ყოველ ზაფხულს და ჩოგბურთში ვარჯიშს იქაც ყოველთვის აგრძელებს.

ვირჯინიის შტატის სასკოლო ჩემპიონატი დასრულდა, მაგრამ მარიამი შეჯიბრებებზე სიარულს აგრძელებს. ის ახლა ამერიკის ეროვნულ, შუაატლანტიკურ ტურნირში მონაწილეობს, რომელიც ახალგაზრდა ჩოგბურთელებისთვის ყველაზე მასშტაბურ ჩემპიონატად ითვლება და რომელში მონაწილეობაც უკვე მათ საერთაშორისო რეიტინგებს განსაზღვრავს. ვულოცავთ მარიამს პირველივე ჩემპიონატზე ერთდროულად ორი თასის მოპოვებას, ერთეულებში და გუნდთან ერთად, და მომავალშიც არაერთ დიდ წარმატებას ვუსურვებთ.

აუდიოჩანაწერი

One response to “ვირჯინიის ქართველი ჩემპიონი”

  1. Tami Gongadze says:

    მარი, ჩვენო სიამაყევ, ჩვენო დახატულო, სულ წარმატებისა და წინსვლის გზით გევლოს და ხშირად გაგეხარებინოს ჩვენი გულები!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.