თბილისში გახსნილი ქართულ-ამერიკული დიაგნოსტიკური ცენტრი ქართველ პაციენტებს ამერიკელ ექიმებთან კონსულტაციებს სთავაზობს. მომსახურება შეერთებულ შტატებში მომუშავე სპეციალისტების მხრიდან ჯერჯერობით უფასოა და მხოლოდ თბილისში, ადგილობრივი კონსულტაციის საფასურს უტოლდება. ტელემედიცინა არამარტო ჩვენი ბლოგის მკითხველისთვის, არამედ ზოგადად, შედარებით ახალი დარგია, რომელიც ინტერნეტის საშუალებით გეოგრაფიულ ბარიერებს ხსნის და უპრეცედენტო ხარჯეფექტურობითაც გამოირჩევა. დღეს ჩვენი სტუმარია ამერიკაში მცხოვრები ექიმი და ბიზნესმენი დიმიტრი (დიმა) ტვილდიანი, რომლის ინიციატივით და დიდი ძალისხმევით თბილისში ქართულ-ამერიკული დიაგნოსტიკური ცენტრი დაფუძნდა.
რა მომსახურებას სთავაზობს თქვენი ცენტრი პაციენტებს?
როგორც მოგეხსენებათ, ეს ცენტრი შექმნილი არის იმისათვის, რომ ქართველმა პაციენტებმა მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია და კვალიფიციური გამოკვლევა. ჩვენი ცენტრის მთავარი მომსახურე პერსონალი არის ის ქართველი ექიმები, რომლებმაც ჩააბარეს საერთაშორისო გამოცდები და მიიღეს განათლება ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან კლინიკებში. აქ დამთავრებული რეზიდენტები უკვე აქ მუშაობენ ექიმებად და ისინი სიამოვნებით გვეხმარებიან იმისათვის, რომ რთულ შემთხვევებში მოხდეს პაციენტების კონსულტაცია თბილისში.
თბილისის დიაგნოსტიკურ ცენტრში არის ასევე აპარატურა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ პაციენტები გამოკვლეული იქნენ დეტალურად და შემდეგ მათი სურათები გადმოგზავნილი იქნას ამერიკაში და აქ წაიკითხონ კვალიფიცირებულმა ექიმებმა და დასვან ზუსტი დიაგნოზი.
დიაგნოზის დასმის გარდა, როგორც მოგახსენეთ, ჩვენი ექიმები პრაქტიკულად ღებულობენ მონაწილეობას მკურნალობის შერჩევაშიც, და თუ საჭირო არის, სხვაგან დასმული დიაგნოზის გადამოწმებაშიც. მოგეხსენებათ, მედიცინა რთული დისციპლინა, ძალიან რთული მეცნიერებაა და მედიცინაში ხშირად იხმარება ხოლმე კონსილიუმები.
მე რა თქმა უნდა, არ მინდა დავაკნინო არავის ცოდნა, არც საქართველოში და არც თბილისში, კონკრეტულად, მაგრამ ყოველთვის ჯობია ხოლმე, რომ რამდენიმე მოსაზრება იყოს, განსაკუთრებით, როდესაც რთული შემთხვევებია. სწორედ ასეთ შემთხვევებში ჩვენ პაციენტებს ვთავაზობთ მომსახურებას, რომელშიც ამერიკაში მიღებული გამოცდილების მქონე ექიმები, პირველ რიგში ეს ჩვენი, ქართველი ექიმები არიან, თბილისის დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, რომლებიც აქ მუშაობენ და ეს ექიმები ერთვებიან აქტიურად როგორც დიაგნოსტიკის, ისევე მკურნალობის შერჩევის პროცესში.
მხოლოდ ეს ექიმები გყავთ, თუ კიდევ სხვა – აქაური ქართველი ექიმებიც?
არა, რა თქმა უნდა – სხვა ქართველი ექიმებიც და არამარტო ქართველები. იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა ბევრი სიტუაცია, როდესაც ძალიან რთული სადიაგნოსტიკო შემთხვევები იყო და ჩვენმა ექიმებმა ჩართეს თავიანთი მასწავლებლები, თავიანთი პროფესორები. ანუ, ჩვენ შეგვიძლია დიაგნოზი დავსვათ ამერიკის სამედიცინო შესაძლებლობების მაქსიმუმზე.
რა თანხებზეა საუბარი, რამდენად ხელმისაწვდომია ეს ქართველი პაციენტისთვის?
ეს არ არის ძვირი მომსახურება. უნდა გითხრათ, რომ ჩვენი ექიმების უმრავლესობა აქედან ჯერჯერობით უფასოდ ემსახურება ავადმყოფებს. ჯერჯერობით იმიტომ, რომ ჯერ არ არის დიდი რაოდენობა პაციენტების. თუ ძალიან გაიზარდა რაოდენობა, შემდეგ ალბათ რაღაც მინიმალურ გადასახადს დავაწესებთ. მაგრამ ჯერჯერობით, ეს ძალიან ხელმისაწვდომია და პრაქტიკულად, ადგილობრივი კონსულტაციის ღირებულების დონეზეა.
თვითონ ტელემედიცინა შედარებით ახალი დარგია და – არამარტო საქართველოში. ვიფიქრებდი, რომ ის უფრო კრიტიკულია საქართველოს რეგიონებისთვის. ფიქრობთ თუ არა გაფართოებას და ფილიალების გახსნას პროვინციებში?
რა თქმა უნდა, აუცილებლად. პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ საერთოდ, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ჩამოყალიბების აზრი თავიდანვე იყო ის, რომ მოგვემზადებინა ქართველი ექიმები ამერიკაში და შემდეგ უკან დაგვებრუნებინა საქართველოში სამუშაოდ. მაგრამ ამისათვის აუცილებელი არის, რომ შეიქმნას თუნდაც ერთი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაწესებულება, სადაც იმუშავებენ ასეთი კვალიფიკაციის მქონე ექიმები.
წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაბრუნებას აზრი არ აქვს. თუ მათ არ ექნათ იგივე აპარატურა, იგივე ლაბორატორიები, თუ არ ექნებათ იგივე დაცული კომპიუტერული სისტემა, სადაც პაციენტების მონაცემები იქნება შენახული, ძალიან რთულია ესეთი ექიმების ჩამოყვანა. იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, ბევრი ადგილობრივი ექიმისთვის ისინი კონკურენტები გახდებიან და ძალიან ადვილი არის ექიმისთვის სახელის გატეხვა, მაშინ როდესაც შექმნას სჭირდება წლები და ათწლეულები.
ვიცი, რომ დიდი ხანია ოცნებობ იმაზე, რომ საქართველოში გაიხსნას ამერიკული საავადმყოფო თავისი ამერიკული მენეჯმენტით. რა ეტაპზეა ეს მთავარი გეგმა?
მთავარი სამუშაო შესრულებული არის, შემიძლია ვთქვა. იმიტომ რომ დაახლოებით 200-ზე მეტი ექიმია უკვე მომზადებული ჩვენი უნივერსიტეტის მიერ და მისი დახმარებით, რომლებმაც ჩააბარეს საერთაშორისო გამოცდები და რომლებიც მუშაობენ დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის ძალიან დიდი არსენალი. ეს არის ძალიან დიდი სიმდიდრე, მე მინდა გითხრათ. იმიტომ რომ ვერანაირი თანხით უცებ ვერ მოამზადებ ექიმებს. ამას წლები და წლები სჭირდება.
ჩვენ ამას ვაკეთებთ უკვე 25 წელიწადია და შეგვიძლია დავიტრაბახოთ, რომ აი, ამდენი მაღალკვალიფიცირებული, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ექიმი გვყავს. თანაც, პრაქტიკულად – ყველა სხვადასხვა დისციპლინაში. ისინი მუშაობენ აქ, მაგრამ უმრავლესობა თანახმა არის წამოვიდეს საქართველოში და იქ იმუშაოს, თუ მათ შესაბამისი სამუშაო პირობები ექნებათ, დანარჩენები კი აქედან დაგვეხმარებიან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა.
რამდენად რეალურია ეს? საერთოდ გადასვლაზეა საუბარი, თუ როტაციის პრინციპით იმუშავებენ?
ბევრი საერთოდ გადმოსვლაზე არის თანახმა და უნდათ წამოსვლა საქართველოში. დანარჩენები – როტაციის პრინციპით. და გარდა ამისა, აი, თქვენ ახსენეთ ტელემედიცინა. ეს ძალიან კარგი მეთოდიკა არის და სულ ბოლო წლებში შემოვიდა, იმიტომ რომ ტექნოლოგიურად ახლა გახდა შესაძლებელი ისეთი ხარისხის გამოსახულებების მიღება დისტანციაზე, რომელიც დიაგნოსტიკისთვის არის გამართლებული.
ასე, რომ, რაც შეეხება საქართველოში გაფართოებას, აუცილებლად გავაფართოებთ საქართველოში. საერთოდ, უკვე გვაქვს ლაპარაკი რამოდენიმე კლინიკასთან საქართველოში, რომელთანაც გვინდა, რომ ტელემედიცინა ავაწყოთ. ეს არ არის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული და ალბათ, უახლოეს მომავალში, პირველ რიგში დიაგნოსტიკურ განყოფილებაში, ჩვენ გვექნება უკვე სატელიტური ორგანიზაციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.
–
11 responses to “ამერიკის შესაძლებლობების მაქსიმუმით დასმული დიაგნოზი თბილისში”
Thank You!!!!Very Interesting Interview!!!!!Bravo!!!!!
http://www.vipmed.ge siamovnebit vitanamshromlebdit
თავად დაუკავშირდით, აქ შეიძლება ვერ ნახონ: ცენტრს ქვია “ქართულ-ამერიკული დიაგნოსტიკური ცენტრი”. მისამართი: გოთუას 3, ბაქტერიოფაგის ტერიტორიაზე. ტელეფონი: 243-00-73
mainteresebs c hepatitze tu mkurnaloben da sd unda mividet tu sheidzleba gvitxarit. n momweret mailze
დაგიზუსტებთ და აუცილებლად შეგატყობინებთ
როგორც მითხრეს, ცე ჰეპატიტს არ მკურნალობენ, დიაგნოსტიკური ცენტრია. იქნებ მაინც დააზუსტოთ და დარეკოთ. ქვია “ქართულ-ამერიკული დიაგნოსტიკური ცენტრი”. მისამართი: გოთუას 3, ბაქტერიოფაგის ტერიტორიაზე. ტელეფონი: 243-00-73
gamarjobat,tu shegidzliat momcerot tu sad mdebareobs es centri da ra kvia am kartul amerikul diagnostikur centrs, google ze inpormacia ver movidzie.
დაგიზუსტებთ და აუცილებლად შეგატყობინებთ
ცენტრს ქვია “ქართულ-ამერიკული დიაგნოსტიკური ცენტრი”. მისამართი: გოთუას 3, ბაქტერიოფაგის ტერიტორიაზე. ტელეფონი: 243-00-73
sadaris es centri? dzalian gtxovt misamarti momweret
ცენტრს ქვია “ქართულ-ამერიკული დიაგნოსტიკური ცენტრი”. მისამართი: გოთუას 3, ბაქტერიოფაგის ტერიტორიაზე. ტელეფონი: 243-00-73