შეიძლება ცოტა ხმაურიანი სათაური გამომივიდა, მაგრამ ორიოდ დღის წინ ისეთ ამაღელვებელ ღონისძიებაზე მოვხვდი, რომ ამის შესახებ მშვიდად და არააღმატებულად საუბარი ცოტა მიჭირს. საქმე იმაშია, რომ 2013 წლის 12 საპატიო ვაშინგტონელს შორის ქართველი წყვილი, პაატა და ირინა ციქურიშვილები დაასახელეს.
საშინლად მწყდება გული, რომ ერთადერთი ქართველი ვიყავი, ციქურიშვილების ოჯახის წევრების გარდა, ვინც დაჯილდოების ცერემონიალზე მათ გამო უსაზღვრო სიამაყის გრძნობა განიცადა. ნიჭიერი ქართველი ხომ მართლაც ბევრია სამშობლოში, თუ უცხოეთში. მაგრამ იშვიათად მინახავს ასეთი თავდაუზოგავი, შრომისმოყვარე, საქმისთვის უზომოდ თავდადებული წყვილი.
ტრადიციული საზეიმო წვეულება მედიისთვის დახურულია. თუმცა, წელს „ამერიკის ხმისთვის“ გამონაკლისი დაუშვეს და ჩვენს გადამღებ ჯგუფს ცერემონიალზე დასწრების უფლება მისცეს. ვიდრე უშუალოდ ცერემონიალის შესახებ მოგითხრობდეთ და ვიდეო-მასალასაც შემოგთავაზებდეთ, მინდა სიტყვა-სიტყვით გადავთარგმნო ის მცირე შესავალი, რომელიც ჟურნალმა „ვაშინგტონელი“ პაატა და ირინას წარდგენას წაუმძღვარა. მითუმეტეს, რომ ამ ტექსტის სრულად მოთავსება სატელევიზიო სიუჟეტში შეუძლებელი იყო და მისი გავრცელების საშუალება მხოლოდ ბლოგში მეძლევა.
„ირინა და პაატა ციქურიშვილები – ადამიანები, რომელთაც თეატრის საზღვრები გააფართოვეს
თავიდან ცოტა რთულია „სინეტიკის“ თეატრის მდუმარე შექსპირის ციკლის მიღმა არსებული კონცეფციის აღქმა. როგორ უნდა გაიგოს აუდიტორიამ, თუ რა ხდება, ან რომელი გმირი რომელია? „შექსპირი მხოლოდ სიტყვებით როდია სახელგანთქმული“, ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, პაატა ციქურიშვილი, „შექსპირი ცნობილი საკუთრი ისტორიებითაც არის“.
პაატა თავის ქორეოგრაფ მეუღლე -ირინასთან- ერთად თითქმის ყველა სპექტაკლის მთავარი მამოძრავებელი ძალაა თეატრში, რომელსაც მათ ათიოდე წლის წინ თავად ჩაუყარეს საფუძველი. „სინეტიკი“ შექსპირს დიალოგების გარეშე გადმოსცემს და სანაცვლოდ ცეკვის და პანტომიმის ნაზავს იყენებს. ასეთ დადგმებს ფიზიკურ თეატრსაც უწოდებენ. გასულ წელს კრისტალ-სითის უბანში მათ სპექტაკლებზე დასასწრებად, თუ კლასების ასაღებად, 40 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა. მხოლოდ ერთი მისვლითაც მაყურებელი ანკესზე ეგებაო, ამბობენ ციქურიშვილები.
მათი ყველა სპექტაკლი მდუმარე არ არის. თუმცა, ყოველი მათგანი ძირითადად მაინც მოძრაობას ეყრდნობა, რომელსაც მდიდარი წარმოსახვით შექმნილი სცენის დიზაინი და კოსტიუმებიც ემატება, რაც თხრობას კიდევ უფრო ამძაფრებს. ყოველი წარმოდგენა თითქოს უფრო ინოვატორულია, ვიდრე მისი წინამორბედი. გასულ სეზონზე „ქარიშხალი“ მთლიანად წყალში იყო დადგმული. „დორიან გრეის პორტრეტში“ კი მსახიობები მაყურებლის მიმართულებით სხვადასხვაფერ საღებავს ისროდნენ.
ციქურიშვილებს რისკის გაწევის და სიახლეების გამოცდის სურვილი შესაბამისად დაუფასდათ: „სინეტიკის“ სპექტაკლებმა ჰელენ ჰეისის 92 ნომინაცია და 24 პრიზი მოიგო. წყვილი თანხმდება იმაზე, რომ შეიძლება სწორედ უნივერსალური ენა იყოს მათი მთავარი მოკავშირე ამ მეტად მრავალფეროვან ქალაქში. სპექტაკლები „გესაუბრებიან იმის მიუხედავად, თუ რომელ ენაზე მეტყველებ“ – ამბობს პაატა“.
P.S. ამ ვრცელ შესავალს კიდევ ერთ პატარა დეტალს დავამატებ: იმ საღამოს, საპატიო დაფა ხელში რომ შევატრიალე, ცოტა გაკვირვებით ვიკითხე, ეს ერთი ჯილდო მოგცეს ორივეს-მეთქი? აბა რაო? მიპასუხა პაატამ, „ჩვენ ხომ ერთი ვართ“…
ახლა კი დადგა დრო, უშუალოდ დაჯილდოების ცერმონიალის შესახებაც მოგითხროთ.
ვიდეო
წლის საპატიო ვაშინგტონლები –პაატა და ირინა ციქურიშვილები
ყოველწლიურად, იანვრის თვეში, შეერთებული შტატების დედაქალაქში წლის საპატიო ვაშინგტონელებს ასახელებენ. ტრადიციას საფუძველი 42 წლის წინ ჩაეყარა. ჟურნალი „ვაშინგტონელი“ 10 საპატიო ჯილდოს იმ ადამიანს, ან ოჯახურ წყვილს გადასცემს, რომელთაც ის გმირებს უწოდებს. ჟურნალის რედაქტორის -გარეტ გრაფის- თქმით, ამ ადამიანებმა თავიანთი საქმიანობით ქალაქის ცხოვრებაზე უზარმაზარი გავლენა იქონიეს:
„წლის საპატიო ვაშინგტონელი დედაქალაქის უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად გავცემთ. ამ ადამიანებმა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეს. მათ ნომინირებას მთელი წლის განმავლობაში საზოგადოებას, ჟურნალის მკითხველებს, თუ წინა ნომინანტებს ვთხოვთ. შემდეგ ჩვენც დამოუკიდებელ კვლევას ვატარებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ შერჩეული კანდიდატები ამ საპატიო წოდებას ნამდვილად იმსახურებენ და მხოლოდ ამის შემდეგ ვასახელებთ გამარჯვებულებს“.
15 იანვარს სასტუმრო „ვილარდში“ გამართულ საზეიმო ცერემონიალზე დაჯილდოებულ 12 საპატიო ვაშინგტონელს შორის სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იყვნენ: პედაგოგი, ეკოლოგი, ბიზნესმენი, ხელოვანი, თუ სხვადასხვა საქმიანობით დაკავებული ფილანთროპები. იქ იყო რესტავრატორი, რომელმაც 80-იან წლებში ვაშინგტონის ძველი უბნების რესტავრირება გადაწყვიტა და ბანკები რომ ვერ დაითანხმა, საქმეს საკუთარი სახსრებით შეუდგა. ერთ-ერთი ვაშინგტონელი ნასამართლევ თანამოქალაქეებს თავისთან, მშენებლობებზე ასაქმებს, პროფესიას აძლევს და ამით მათი ციხეში დაბრუნების შანსს თითქმის 80 პროცენტით ამცირებს. მეორე სქესობრივი ძალადობის მსხვერპლ ქალებს, თუ თინეიჯერ დედებს ეხმარება.
2013 წლის საპატიო ვაშინგტონელებს შორის ქართველი წყვილი, პაატა და ირინა ციქურიშვილებიც იყვნენ. პაატა და ირინას საპატიო ვაშინგტონელის წოდება „ადგილობრივი თეატრის საზღვრების გაფართოებისთვის“ გადაეცა. ისინი პირველი ქართველები არიან, რომლებმაც ამერიკის დედაქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღეს. პაატა და ირინას მიერ 12 წლის წინ დაარსებულ „სინეტიკის“ თეატრს ადგილობრივი ხელოვნების მოყვარულები კარგად იცნობენ. პაატა თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელია. ირინა კი მთავარი ქორეოგრაფი.
“მათ ბევრ შოუზე ვარ ნამყოფი. პაატას და ირინას ისეთი ძლიერი შემოქმედებითი მუხტი აქვთ, როგორიც ვაშინგტონის არცერთ სხვა თეატრში არ მინახავს“ – ამბობს ჟურნალ „ვაშინგტონელის“ რედაქტორი.
ამერიკის დედაქალაქში 90-მდე პროფესიონალური თეატრი ფუნქციონირებს. „სინეტიკის“ სპექტაკლებმა ინოვატორული სტილით, ხშირად უტექსტო, მაგრამ ემოციურად ძალზე დატვირთული შექსპირის წარმოდგენებით, ვაშინგტონში სახელი მაშინათვე გაითქვეს. მათ ანგარიშზე ადგილობრივი პრესტიჟული პრემიის, ჰელენ ჰეისის, 92 ნომინაცია და 24 პრიზია.
„ირინა და პაატა ვაშინგტონის საუკეთესო სახეა. ისინი თეატრის ახალი კონცეფციით ჩამოვიდნენ და ვაშინგტონელები სრულიად განსხვავებულ, გასაოცარ ხელოვნებას აზიარეს. ეს არამარტო ადგილობრივი საზოგადოებისთვის გახლავთ მნიშვნელოვანი, არამედ ზოგადად, ხელოვნების და კულტურის განვითარებისთვისაც“ – აცხადებს „ვაშინგტონელის“ პრეზიდენტი და გამომცემელი მერილ უილიამსი.
თეატრალური ჯილდოებით განებივრებული პაატა და ირინასთვის საპატიო ვაშინგტონელის წოდების მინიჭება საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა. „საქართველოდან ამერიკაში ერთი ოცნებით ჩამოვედით – გვინდოდა ახალი თეატრი დაგვეარსებინა. თქვენ გულში ჩაგვიკარით და ოცნებების ახდენის საშუალება მოგვეცით, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით“ – განაცხადა პაატამ.
„მე ვიტყოდი, რომ ჰელენ ჰეისებზე უფრო ღირსეული დაფასება იყო ჩვენთვის. იმიტომ რომ, ჰელენ ჰეისი მაინც არის თეატრალური სამყარო და შენ პროფესიონალურ ქვაბში იხარშები, ასე ვთქვათ. ვაშინგტონელის წოდება უკვე მარტო თეატრი აღარ არის. როგორც ნახეთ, არიან გამოჩენილი პიროვნებები მეცნიერებიდან, პოლიტიკიდან, სხვადასხვა სფეროებიდან. როგორც იტყვიან ხოლმე, ეს შეცვლის ჩვენი ცხოვრების რიტმს“ – აღნიშნა პაატამ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. „ეს დიდი დაფასებაა ჩვენთვის და ძალიან ვამაყობთ ამით“ – ამბობს ირინა. „დღეს ძალიან ამაყი ვარ!“ – ეს მათი ვაჟი, მსახიობი ვატო ციქურიშვილია. „ძალიან მიხარია, დღეს დედამ და მამამ მოიგეს და მე კიდევ თან სკოლა გავაცდინე!“ – ამბობს 12 წლის ანა ციქურიშვილი.
დაჯილდოების შემდეგ პაატა და ირინა პირდაპირ თეატრში წავიდნენ. ირინა ახალ სპექტაკლში მთავარ როლს ასრულებს და არანაკლებ დიდებულად, ვიდრე მისი ქორეოგრაფიაა. “სინეტიკის” თეატრში შექსპირის “მეთორმეტე ღამე” სრული ანშლაგით მიდის. ოღონდ, ეს შემდეგი ბლოგის თემაა.