ქართული ნიჭის კიდევ ერთი გამარჯვება ვაშინგტონში

Posted April 27th, 2012 at 7:37 pm (UTC+0)
1 comment

აპრილის საკმაოდ ცივ და ღრუბლიან ღამეს ვარსკვლავებმა ვაშინგტონის უორნერის თეატრის წითელ ხალიჩაზე მოიყარეს თავი. ქალაქის ერთ-ერთი უძველესი თეატრი ჰელენ ჰეისის 28-ე ტრადიციულ ცერემონიალს მასპინძლობდა. დედაქალაქის თეატრალურ ოსკარად წოდებული პრიზის მოპოვებაში ერთმანეთს წელს 84 ადგილობრივი თეატრი ეცილებოდა. 153 ნომინანტს შორის გამარჯვებულები ორგანიზაცია „ვაშინგტონის თეატრების“ სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია.

Maia Kay Photo

პაატა და ირინა ციქურიშვილების მიერ დაარსებული სინეტიკის თეატრი სულ 11 წელიწადს ითვლის. თუმცა, ახალგაზრდა დასს დედაქალაქის თეატრალურ წრეებში ყველა იცნობს. ნებისმიერ ახლადგაცნობილ ადამიანს, ვისაც კი დაჯილდოების ცერემონიალზე შევხვდი, საქართველოს ხსენებისთანავე თვალები უცებ სიხარულით ევსებოდა და აღფრთოვანებით შეჰყვირებდა ხოლმე: „აჰ! თქვენ სინეტიკის ქვეყნიდან ხართ? ჩვენ პაატა და ირინას კარგად ვიცნობთ“. ძალიან გთხოვთ, ამას გადაჭარბებაში ნუ ჩამითვლით. და აი რატომ: სინეტიკს არსებობის 11 წლის მანძილზე ჰელენ ჰეისის 89 ნომინაცია და 25 პრიზი აქვს მოპოვებული.

ორგანიზაცია „ვაშინგტონის თეატრების“ პრეზიდენტი ლინდა ლივაი ამბობს, რომ სინეტიკი ქალაქის უდაო ფავორიტია: “პაატა და ირინამ თავის არაჩვეულებრივ დასთან ერთად ვაშინგტონს გამორჩეული, ორიგინალური თეატრი აჩუქეს. თეატრი, რომელიც ქართულ კულტურას განასახიერებს. და ეს ძალიან ლამაზია. მათ ჩვენი ქალაქის იერი შეცვალეს“ – ამბობს ქალბატონი ლინდა.

სინეტიკის „მეფე ლირმა“ წელს დრამატულ თეატრებს შორის ყველაზე მეტი – 11 კატეგორიაში 4 პრიზი – აიღო. მიუზიკლების ჟანრში ყველაზე მეტი, 5 ჯილდო ბროდვეის ცნობილ შოუს „ჰეარსფრეის“ ერგო. დანარჩენი პრიზები სხვადასხვა თეატრის სპექტაკლებს შორის გადანაწილდა. ქართველი მაყურებლებისთვის კარგად ცნობილმა მსახიობმა, ქეით ბლანშეტმა ჰელენ ჰეისის ჯილდო სტუმარ თეატრთა კატეგორიაში ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის აიღო.

Maia Kay Photo

თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჰელენ ჰეისის საპატიო ჯილდო თქვენთვის ასევე კარგად ნაცნობ მსახიობ – კევინ სპეისის გადაეცა. „ვაშინგტონის ცოცხალ და მრავალფეროვან თეატრალურ კულტურას დიდ პატივს ვცემ. აქ ბევრი სპექტაკლი მითამაშია. ვერაფრით წარმოვიდგენდი მაშინ, კენედის ცენტრის სცენაზე, რომ როდესმე ჰელენ ჰეისის – ამ დიდი ამერიკელი მსახიობის და ქველმოქმედის –  საპატიო ჯილდოს ხელში დავიჭერდი“ – გვეუბნება ინტერვიუში კევინ სპეისი.

ჰელენ ჰეისის ჯილდოს მსახიობთა საუკეთესო ანსამბლისთვის სინეტიკის დასი ზედიზედ უკვე მეოთხე წელია იღებს. ეს სრულიად უნიკალური მოვლენა ჩვენთვის – ამბობს პაატა ციქურიშვილი, სპექტაკლის რეჟისორი და სინეტიკის თეატრის აღმასრულებელი დირექტორი. „4 წელი ზედიზედ საუკეთესო დასის დაჯილდოვება ძალიან დიდი სიხარული და პატივისცემაა… „მეფე ლირი“ იყო განსაკუთრებული სპექტაკლი ჩვენთვის, პირადად ჩემთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და საყვარელი სპექტაკლი. იმიტომ რომ  ძალიან რისკიანი პროექტი გახლდათ. და როგორც ჩანს ამჯერად ორიგინალობამ გაამართლა“.

მისმა მეუღლემ, მსახიობმა და ქორეოგრაფმა – ირინა ციქურიშვილმა – მაყურებელთა ფავორიტს, სახელგანთქმულ ბროდვეის შოუს „ჰეარსფრეის“ მოუგო და ბენ კუნისთან ერთად საუკეთესო ქორეოგრაფის ჯილდო მოიპოვა. ირინა სინეტიკის დასში ჰელენ ჰეისის რეკორდული, 32 ნომინაციის და 12 პრიზის მფლობელია. მისი თქმით  “მეფე ლირში“ ღრმა ქვიშით დაფარულ სცენაზე მოძრაობა მათთვის სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა: „ძალიან რთული იყო ცეკვა სილაში. ცეკვა თავიდან ჩვეულებრივი სცენის იატაკზე დავდგი. მაგრამ შემდეგ, როცა სილაში გადავიტანეთ, ზოგიერთი ელემენტის შეცვლა მომიწია, რადგან მათი შესრულება მსახიობებისთვის წარმოუდგენელი გამოდგა“.

Graeme Shaw Photo

კონსტანტინე ლორთქიფანიძემ და ირაკლი კავსაძემ პრიზი საუკეთესო ხმის რეჟისურისთვის აიღეს. ირაკლი სპექტაკლში მეფე ლირს განასახიერებს. „გარკვეულწილად გავლენის ქვეშ ვიყავი, იმიტომ რომ მახსოვს რამაზ ჩხიკვაძის მეფე ლირი. ჩვენ რა თქმა უნდა სხვა გზა ავირჩიეთ და რეჟისორული ხედვაც განსხვავებული იყო. მაგრამ ეს ჩემთვის განსაკუთრებულ მოვლენად დარჩა. მართალია პირდაპირი შეხება არ მქონია, მაგრამ მე რამაზ ჩხიკვაძეს მაინც ჩემს პედაგოგად ვთვლი და ნამუშევარიც თითქოს მას მივუძღვენი“ – ამბობს ირაკლი.

სცენაზე ფარდა ბოლომდე დაშვებული არ იყო, როცა პაატა და ირინამ თავისი დიდი, ჯერჯერობით განუხორციელებელი სურვილი გაგვანდეს. ე.წ. „ამერიკული ოცნება“ ნიჭიერმა და საოცრად შრომისმოყვარე წყვილმა  დიდი ხნის წინ აიხდინა. ახლა მათი მთავარი ოცნება საქართველოში საუკეთესო სპექტაკლების ჩატანა გახლავთ. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს სურვილიც მალე შესრულდება და ქართველი თეატრალები მათ სულ მოკლე ხანში ნახავენ.

One response to “ქართული ნიჭის კიდევ ერთი გამარჯვება ვაშინგტონში”

  1. Tamari says:

    Maiko,arachveulerivi sakmianoba tsamogitskia.me gvian gavige.vetsdebi upro aktiurad chavrtvo da gekontakto.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.