ასოციაცია „თვისტომი“ 10 წლისაა

Posted November 8th, 2013 at 2:52 pm (UTC+0)
2 comments

ასოციაცია „თვისტომს“ ნიუ იორკში ზუსტად 10 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. მისი ფუძემდებლის და აღმასრულებელი დირექტორის, ნიკოლოზ ჩხეიძის თქმით, არასამთავრობო და არამომგებიანი ორგანიზაციის შექმნის მიზანი, ქართველების  ერთმანეთთან დაკავშირება, მათი კოორდინირება და გაერთიანება იყო: აუცილებელი იყო ქართული ორგანიზაციის შექმნა, რომელიც გააერთიანებდა ქართულ, აქაურ ემიგრაციას და იმ გაბნეული, არაორგანიზებული დიასპორიდან შეიქმნებოდა ერთიანი, ძლიერი და ორგანიზებული სათვისტომო, რასაც ქვია საერთოდ სათვისტომო“.

ასოციაცია რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. ის ემიგრანტებს საკანონმდებლო და სამედიცინო სფეროში კონსულტაციებს სთავაზობს. „თვისტომის“ თაოსნობით, ნიუ იორკელი და მეგაპოლისის ახლოს მცხოვრები ქართველები, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სახის პოლიტიკურ აქციებში, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. ეწყობა შეხვედრები ქართველ პოლიტიკოსებთან, სადაც ისინი ამომრჩეველთა კითხვებს პასუხობენ.

15ასოციაცია ორგანიზებას უწევს ქართველთა წარმომადგენლობით მონაწილეობას დღესასწაულებში, ფესტივალებში, თუ მსვლელობებში. მათ შორის  განსაკუთრებულ ყურადღებას ნიუ იორკში გამართული ეროვნებათა აღლუმი იქცევს. მხოლოდ ნიუ იორკისთვის დამახასიათებელი უნიკალური მრავალფეროვნებით გამორჩეული, სხვადასხვა ეროვნებათა მასობრივი მსვლელობა მეგაპოლისში ყოველწლიურად ეწყობა და როგორც წესი, საყოველთაო ყურადღების ცენტრში ექცევა.

ასოციაცია კოორდინირებას უწევს ემიგრანტთა ჰუმანიტარულ საქმიანობასაც. პროგრამა „პატარა ანგელოსების“ წყალობით, მსურველები უკვე რამდენიმე წელია ყოველთვიურ დახმარებას აწვდიან საქართველოში მცხოვრებ ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს. ქალებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია „თვისტომის“ უფასო მამოგრაფიის პროგრამა. მას ასოციაციის სამედიცინო ჯგუფის ხელმძღვანელი, ირინა მიქაბერიძე კურირებს.

ეს პროგრამა მარტო იქ არ მთავრდება, რომ შენ დაგისვამენ დიაგნოზს. იქ შედის შემდგომი მკურნალობა, რეაბილიტაცია და ადამიანი ფეხზე დგები. ამიტომ, არაფრით არ შეიძლება, რომ ეს პროგრამა უყურადღებოდ დარჩეს. ზოგი იძახის მეშინია, ზოგი იძახის, დრო არ მაქვს. არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ არის კონკრეტული მაგალითები. ერთ-ერთმა პაციენტმა აქ მკურნალობა ვერ გაიგრძელა, იმიტომ რომ უნდა წასულიყო ინგლისში, იქ გადადიოდა საცხოვრებლად და თქვენ წარმოიდგინეთ, რამოდენიმე თვის მერე ინგლისიდან მირეკავს დიდი მადლობებით, თქვენ გადამარჩინეთ, იმდენად დამაძალეთ და დროულად დამისვით დიაგნოზი, ინგლისში რომ ჩამოვედი, მითხრეს, რომ ბეწვზე ვარ გადარჩენილიო. ეს არის ძალიან დიდი სიხარული ჩემთვის. თუნდაც ერთ სიცოცხლეს რომ გადაარჩენ. დამერწმუნეთ, რომ ამ ათასზე მეტი ქალიდან ეს ერთი შემთხვევა არ არის და ძალიან დიდ ბედნიერებას გვანიჭებს ჩვენ“ – ამბობს ირინა.

8მკერდის უფასო გამოკვლევა წელიწადში ოთხჯერ ტარდება და დღეში 30-დან 40-მდე ქალს ემსახურება. 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის განკუთვნილი პროგრამა იმ ადამიანებზეა გათვლილი, რომელთაც ჯანმრთელობის  დაზღვევა არ გააჩნიათ.

ემიგრანტი ეკა ნერგაძე პროფილაქტიკურ კვლევას მეგობრებთან ერთად თითქმის ყოველწლიურად იკეთებს. ამერიკაში ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა: მიხვიდე გამოკვლევაზე, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნოა, საკმაოდ სტრესულია. მიხვიდე და დაგხვდეს ოჯახური გარემო. დაგხვდნენ ადამიანები, რომლებიც, შემიძლია, პირდაპირი გაგებით ვთქვა, თვალებში გიყურებენ და ცდილობენ ის დღე, ის წუთი, როდესაც შენ შედიხარ გამოკვლევაზე, რაღაცნაირად გაგიილონ“ – ამბობს ეკა.

გაწეული უზარმაზარი და სრულებით უსასყიდლო მუშაობის მიუხედავად, ნიკოლოზ ჩხეიძე თვლის, რომ ასოციაცია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია: „ჩვენი მთავარი სურვილი და მიზანი არის, რომ შევქმნათ წინაპირობა ძლიერი ქართული სათვისტომოს ჩამოყალიბების“.

2 responses to “ასოციაცია „თვისტომი“ 10 წლისაა”

  1. ანასტასია says:

    იხარეთ! უდიდეს წამათებებს გისურვებთ! უფალი გეწეოდეთ ყველა საღვთო საქმეში ამინ!

  2. ანასტასია says:

    იხარეთ! უდიდეს წამათებებს გისურვებთ! უფალი გეწეოდეთ ყველა საღვთო საქმეში ამინ!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.