„ნეიშნალ ჯიოგრაფიკი“ ქართულ ენაზე გამოდის

Posted May 11th, 2012 at 4:42 pm (UTC+0)
Leave a comment

მოსამზადებელი სამუშაო თითქმის წელიწადნახევარი გაგრძელდა. ბოლოს ყველაფერი ამერიკის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების შენობაში ოფიციალური ხელმოწერით დამთავრდა. 8 მაისს ლიცენზიას საზოგადოების ისტორიულ დარბაზში საქართველოდან პროექტის სპონსორმა, „სილქორუდ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, გიორგი რამიშვილმა მოაწერა ხელი. ამერიკის მხარეს კი  შეერთებული შტატების ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი -ტერი ადამსონი- წარმოადგენდა.

“ყველანი ძალიან აღფრთოვანებულები ვართ. საქართველო განვითარებადი დემოკრატიის სახელმწიფოა და ჩვენთვის მრავალმხრივ საინტერესო ქვეყანას წარმოადგენს. ვცდილობთ საზოგადოების მისია მთელ მსოფლიოში გავავრცელოთ. „ნეიშნალ ჯიოგრაფიკის“ მთავარი მიზანია ადამიანებს საკუთარ პლანეტაზე ზრუნვა შთავაგონოთ. სულ ცოტა ხნის წინ ესტონეთი შემოგვიერთდა. გვეამაყება, რომ ჩვენი ოჯახის წევრი ახლა უკვე საქართველო ხდება“ამბობს ტერი ადამსონი, საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.

საზეიმო ხელმოწერა სწორედ იმ მრგვალ მაგიდასთან მოხდა, სადაც თითქმის 125 წლის წინ, 1888 წელს საზოგადოების დაფუძნებას ჩაეყარა საფუძველი. ჟურნალი „ნეიშნალ ჯიოგრაფიკი“ მისი მხოლოდ ერთი პროდუქტია, ის 34 ენაზე გამოდის და ჟურნალის ტირაჟი დღეს 9 მილიონს აღემატება. საზოგადოება ქმნის სატელევიზიო პროგრამებს, ფილმებს, მუსიკას, თამაშებს; აწყობს გამოფენებს და ორგანიზებას სხვა მრავალი სახის შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებას უკეთებს. ამერიკის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება სამართლიანად ამაყობს მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილით. მან მთელ მსოფლიოში 10 ათასზე მეტი სამეცნიერო კვლევა დააფინანსა.

ლიცენზიის ხელმოწერის ცერემონიალს სხვებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შეერთებულ შტატებში, თემურ იაკობაშვილი, ჟურნალის ქართული ვერსიის რედაქტორი და აღმასრულებელი დირექტორი – ლევან ბუთხუზი და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, მეცნიერებათა დოქტორი, დავით ლორთქიფანიძე. ჟურნალში „ნეიშნალ ჯიოგრაფიკი“ ბატონი დავითის არაერთი პუბლიკაციაა გამოქვეყნებული. ის ამბობს, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმი პროექტს დიდ დახმარებას გაუწევს. გამოცემის რედაქციის ოფისები სწორედ მუზეუმის შენობაში განთავსდება.

პროექტის მთავარი სპონსორი ორგანიზაციის, „სილქროუდ ჯგუფის“ ხელმძღვანელი, გიორგი რამიშვილიც აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის უმაღლესი კლასის სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის გამოცემას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამიერიდან 2012 წლის 8 მაისი ქართული „ნეიშნალ ჯიოგრაფიკის“ დაბადების დღედ შეიძლება ჩაითვალოს, ამბობს ჟურნალის რედაქტორი- ლევან ბუთხუზი და დასძენს, რომ ქართულ ენაზე მსგავსი “ა” კლასის ბეჭდური გამოცემა პირველად გამოდის. ბატონი ლევანი “ამერიკის ხმის” რედაქციას ეწვია და მასთან ინტერვიუ შეგიძლიათ აქვე იხილოთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.