ნინი ქეის ქუდების ახალი კოლექცია ნიუ იორკში

Posted September 27th, 2013 at 6:01 pm (UTC+0)
1 comment

ქართული ანდაზა „სადაც ჩახვალ, იქაური ქუდი დაიხურეო“ ნინი ქეის შემთხვევაში ალბათ განსხვავებულად ითქმოდა, რადგან ნინი სადაც ჩადის, იქაურებს თავის მოქსოვილ ქუდს ახურავს. თბილისიდან ამერიკაში საცხოვრებლად გადასულმა ახალგაზრდა ქართველმა დიზაინერმა, საკუთარი ქუდი უკვე დიდი ხანია ნიუ იორკელებსაც მოარგო და არამარტო მათ.

დღეს ამერიკაში მოდის ბევრი მიმდევარი იცნობს ქუდების და აქსესუარების დიზაინერ, ნინი ქეის. თბილისში დაბადებული და გაზრდილი მხატვარი თავიდანვე დეტალებისადმი დიდი ყურადღებით გამოირჩეოდა. საბოლოოდ, მან საკუთარი ხელწერისთვის ნიშა ყველაზე მეტად ქუდების დიზაინში იპოვა.

Nini Kay, Georgian Hat Disigner Based in New York Cityნინი ახლა შეერთებულ შტატებში ახალი, 2013-14 წლის ზამთრის კოლექციის გაყიდვისთვის ემზადება. მისი თქმით, ახალი ქუდების ზოგიერთი მოდელი შესაძლოა წინა წლების ფორმას იმეორებდეს, მაგრამ მათი შინაარსი და ფერები განსხვავებულია. წამყვანი ფერი წელს შავი გახდა.

ახალი კოლექცია წელს გავაკეთე ისე, რომ ქუჩის ისტორიები, ქუჩის წარწერები იყო წამყვანი თემა. ტიპაჟები იქნება ეს, ქუდზე დაქარგული, გოგო, ბიჭი, ბავშვი, თუ მანქანები. ასეთი ტიპის კოლექცია მაქვს წელს“ – ამბობს ნინი.

მისი ქუდები იმით გამოირჩევა, რომ ისინი მასობრივ მომხმარებელზე არ არის გათვლილი. ყველა ხელნაკეთია და ფერების კომბინაციით არცერთი მათგანი არ მეორდება. ამიტომ ისინი ძირითადად ელიტარულ მაღაზიებში და სალონებში იყიდება.

ნინი ქეის კოლექცია სხვა ბევრ მაღაზიასთან ერთად, ნიუ იორკის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობა, სასტუმრო პლაზაში დაიდებს ბინას. ის შეიძლება პოპულარული კინოფილმებით იცოდეთ. აქ არის გადაღებული ჰიჩკოკის „ჩრდილოეთისკენ ჩრდილო-დასავლეთის გავლით“, „დიდი გეტსბი“, „სასაცილო გოგონა“, „კოტონ კლუბი“, „მარტო სახლში“ და კიდევ ბევრი ცნობილი ფილმი. სხვათა შორის, ეს ის სასტუმროა, რომელზეც ჰემინგუეიმ ფიცჯერალდს ხუმრობით ურჩია, ღვიძლი პრინსტონისთვის დაეტოვებინა, გული კი – პლაზასთვის“.

სწორედ პლაზაში გავიცანით ნინის ქუდების ერთ-ერთი დიდი თაყვანისმცემელი, ვალერია უაითი, რომელიც სალონ „უორენ ტრიკომიში“ ღონისძიებების და მოდების ჩვენების კოორდინატორია.

„სამი წლის წინ გავიცანი. აქ იყო ნინი მოსული და ქუდები მაჩვენა. მისი ნამუშევრები მაშინათვე შემიყვარდა. ჩემი საყვარელი ქუდებია, მთელი ზამთარი სულ მახურავს. უნიკალურია, ხელნაკეთი, ერთადერთი, არ მეორდება. მასობრივი პროდუქცია საერთოდ არ მიყვარს. ისინი ყველა სხვა ქუდებისგან გამოირჩევა და კარგადაც მეყიდება“ – ამბობს ვალერია.

ნინის ქუდNini Kay, Georgian Hat Disigner Based in New York Cityების შეძენა ინტერნეტზეც შეიძლება. მათ ამერიკაში ერთ-ერთ პოპულარულ ვებ-გვერდ „აჰა ლაიფზეც“ ნახავთ, სადაც ყველაფერი იყიდება, ტელეფონით დაწყებული, კუნძულით დამთავრებული. ინტერნეტ გვერდს ძალიან ცნობილი კურატორები ჰყავს, როგორიცაა ცნობილი ფიზიკოსი დიპაკ ჩოპრა, ან კომპანია ლიზ კლებორნის კომერციული დირექტორი და ტელეწამყვანი ტიმ განი. „ნინი ქეის ქუდები ბედნიერებას, ძალას და ხალისს მოგანიჭებენ. მათი წყალობით თქვენ შეგამჩნევენ და ყოველთვის გამოგარჩევენ“- აღნიშნავენ კურატორები. ასე რომ, ატარეთ ჩემი ქუდი, ამბობს თავად ნინი, კომპლიმენტები და ბევრი მეგობარი მუდამ გარანტირებული გექნებათ.

One Response to “ნინი ქეის ქუდების ახალი კოლექცია ნიუ იორკში”

  1. Tamara Bakradze says:

    Bravo Maia!!!!!and Bravo Nini!!!!!!!Very Interesting Blog and Nini is AMAZING!!!!!!!Thanks You Maia !!!!!!

Leave a Reply

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.